გიორგი სოსიაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: „ამ სარჩელს საფუძვლად უდევს მყარი არგუმენტები იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ნათლად დაინახოს, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება დარჩეს ქვეყანა მომავალშიც, თუ ეს ძალები არ აიკრძალება. ესენი არიან ჩვეულებრივი ტერორისტები, სამშობლოს გამყიდველები, რომლებმაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს ქვეყანა“
„ამ სარჩელს საფუძვლად უდევს მყარი არგუმენტები იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ნათლად დაინახოს, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება დარჩეს ქვეყანა მომავალშიც, თუ ეს ძალები არ აიკრძალება. ესენი არიან ჩვეულებრივი ტერორისტები, სამშობლოს გამყიდველები, რომლებმაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს ქვეყანა“, – ამის შესახებ საპარალემენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიორგი სოსიაშვილმა რადიკალური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.
„ეს გახლავთ ქართველი ხალხის პირდაპირი ნება, პირდაპირი დავალება, როდესაც გამოუტანა პოლიტიკური ვერდიქტი და მიუჩინა პოლიტიკურ მოუსავლეთში ადგილი ძალას, რომელმაც წლების განმავლობაში ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი ქვეყანა, ამ უსამშობლოების კრებულმა, მოდით, ასე ვთქვათ. ბუნებრივია, უნდა დამდგარიყო ეს დრო, უნდა მომხდარიყო ამ ანტიკონსტიტუციური ძალის, ამ ანტიკონსტიტუციურ პარტიათა კრებულის აკრძალვა და გასამართლება. რა თქმა უნდა, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია, მაგრამ იმდენად მყარია ჩვენს მიერ წარდგენილი არგუმენტები, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება.
გვახოვს ჩვენ საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რომელიც პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა: მხოლოდ პირდაპირ ეთერში ჩატარდა 64 სხდომა, 700-ზე მეტი განცხადება იქნა განხილული, 130-ზე მეტი პირი იქნა გამოკითხული და მთელი ამ უბედურების, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების პანორამა გადაიშალა, ასე ვთქვათ, და წარმოჩინდა მთელი მათი შემზარავი სისასტიკე – ის, რაც დაატეხეს თავს ქართველ ხალხს. შემზარავი ფაქტები, ძალადობა, მათ მიერ ჩამოყალიბებული სისტემა, რომელმაც უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, უამრავი ოჯახი გააუბედურა, დაასვა წარუშლელი დაღი და დაუნგრია ცხოვრება. ამ ყველაფრის შემდეგ შედგა სარჩელი, რომელიც შემდეგ უკვე წარადგინა მმართველმა გუნდმა, და ამ ყველაფრის არგუმენტები წარმოდგენილია ამ კომისიის რამდენიმე ასეულგვერდიან დასკვნაში.
რა თქმა უნდა, ასეთი ანტიკონსტიტუციური პარტიები უნდა აიკრძალოს, აქ ორი აზრი არ არსებობს. პირდაპირ საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის მთავარი დოკუმენტი, კონსტიტუციის 24-ე მუხლი პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ აიკრძალოს ისეთი პარტიები, რომელთა მიზანია დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის რღვევა და სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით დამხობა – ამათ სხვა კი არაფერი გაუკეთებიათ მთელი ამ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ბუნებრივია, ასეთი პარტიების ადგილი საქართველოში არ უნდა იყოს. პოლიტიკურ ველს სჭირდება გაჯანსაღება – ქვეყანაში უნდა არსებობდეს ჯანსაღი ოპოზიციური ძალები, რომლებიც ჯანსაღ კრიტიკაზე იქნებიან ორიენტირებულები და, პირიქით, ეს ყველაფერი წაადგება ქვეყნის განვითარებას. ჯანსაღი კრიტიკა, ჯანსაღი ოპონირება, ალტერნატიული ფორმების შეთავაზება ეკონომიკური კუთხით თუ სხვადასხვა მიმართულებით, პირიქით, წაადგება ქვეყნის განვითარებას. აი, ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული ჩვენი საზოგადოება და არა ამ ანტიკონსტიტუციური ძალების არსებობაზე.
ესენი არიან ჩვეულებრივი ტერორისტები, სამშობლოს გამყიდველები, რომლებმაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს საკუთარი ქვეყანა. რამდენიმე ფაქტს ვიტყვი: მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს აგენტურული ძალები ორიენტირებულები იყვნენ ქვეყნის სუვერენიტეტის დამხობაზე, სისხლით და ოფლით მოპოვებული დამოუკიდებლობის ხელყოფაზე – სხვა რა უნდა დავარქვათ, როდესაც გარე ძალების, თავიანთი პატრონების დავალებით მოქმედებდნენ, ქვეყანაში რამდენიმე რევოლუციური სცენარის განვითარება სცადეს, დედაქალაქზე რამდენჯერ მიიტანეს შტურმი პიროტექნიკით და ა.შ. და საკანონმდებლო ორგანოს გადაწვას ცდილობდნენ, მერე უკვე 4 ოქტომბრის შტურმიც გავიხსენოთ პრეზიდენტის სასახლეზე. სხვა რა არის ეს, თუ არა საკუთარი სუვერენიტეტის ხელყოფა, რაც ჩვენ გვიწერია საკონსტიტუციო სარჩელში და რაც პირდაპირ არის გაწერილი კონსტიტუციის 24-ე მუხლში? შესაბამისად, რაიმე მხატვრული ტექსტები კი არ უდევს ამ სარჩელს საფუძვლად და ბელეტრისტიკა, არამედ მყარი არგუმენტები, რომლებიც ამ დაზარალებული, გაუბედურებული ადამიანების გამოკითხვის შედეგად არის წარმოდგენილი და ახლავს ამ სარჩელს, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ დაინახოს ნათლად, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება დარჩეს ქვეყანა მომავალშიც, თუ ეს ძალები არ აიკრძალება“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.


