შალვა პაპუაშვილი – სოფო ხორგუანს: „ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში. კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ არ ცნობთ კონსტიტუციურ ორგანოებს, საკონსტიტუციო სასამართლოს. სხვას კი არაფერს გედავებით!“
“ქალბატონო სოფიო, თქვენ ახლა ოთხი წუთი დახარჯეთ იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ცარიელი სიტყვებით, სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულეთ. ჩამოყალიბდით, რა არის თქვენი სტანდარტი“, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრ სოფიო ხორგუანს.
„თქვენი სტანდარტი ის არის, რომ ადამიანებს სისხლის სამართლის დანაშაულებში სდებთ ბრალს. ერთს დანაშაულის დაფარვას აბრალებთ, მეორეს – სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და ა.შ. ასე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენაში დასდეთ ბრალი. სხვა დროსაც გვითქვამს, რომ ყველაფერი, რასაც თქვენ იტყვით, შესაძლოა, სასამართლოში თქვენ წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. თქვენ ახლა კიდევ ერთხელ დაადასტურეთ ის კონსტიტუციური ბრალდება, რომელიც პარლამენტის წევრებმა თავიანთი სარჩელით წაგიყენეს, რომ თქვენ არ ცნობთ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოებს.
თქვენი გამოსვლის სულისკვეთებაც სწორედ ეს იყო: თქვენ არ აღიარებთ და არ ცნობთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სხვას კი არაფერს გედავებით. ბატონი გიორგი ამბობდა, – რა შუაში ვართ ჩვენ 4 ოქტომბერთანო. თქვენ ხომ იცით, რომ საქმეში მტკიცებულებად დევს თქვენი განცხადებაც, რომელშიც ამბობთ, რომ 4 ოქტომბერს მოვლენები რომ სხვაგვარად განვითარებულიყო, თქვენ, ალბათ, პარლამენტში არ შეხვიდოდით. იქვე დევს თქვენი ლიდერის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებაც, რომელშიც ის ამბობს, რომ პარლამენტში შევიდნენ, თუმცა ამ პარლამენტს არც ახლა აღიარებენ. ყოველ გამოსვლას იწყებთ ფრაზით: „მივესალმებით საქართველოს მოქალაქეებს“.
არც კოლეგებს ახსენებთ, არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც თავად პარლამენტს. ახლა, თქვენ რა გგონიათ, აქ ხართ და თან არ ხართ? „ცისფერ მთებში“ ხომ არ ხართ, სადაც ადამიანი თან არის და თან არ არის? აი, ეს არის თქვენი დილემა. მით უმეტეს, თქვენ თავად განაცხადეთ, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს სარჩელს დააკმაყოფილებს და თქვენს პარტიას გააუქმებს, მანდატებს დატოვებთ. 2024 წლის არჩევნების შემდეგაც ხომ სწორედ ამას აკეთებდით, როდესაც ხალხის მიერ არჩევნების გზით მონიჭებულ მანდატებს არ იყენებდით. ახლაც იმავეს აცხადებთ, რომ აპირებთ, არ გამოიყენოთ მანდატები, რომლებიც ხალხმა არჩევნებში მოგანიჭათ. ასე რომ, დღეს კიდევ ერთხელ გამოავლინეთ თქვენი დამოკიდებულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


