იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლაზე: „ევროკავშირი უნდა შეიცვალოს, მდგომარეობა მართლაც იმდენად მძიმეა, რომ თუ სხვა გზები შედეგს არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს“
„კრინიცის ფორუმზე“ იაროსლავ კაჩინსკიმ ევროკავშირში ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა.
პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) თავმჯდომარემ არ გამორიცხა „მკაცრი მიდგომის“ გამოყენება, მათ შორის, ევროკავშირიდან შესაძლო გასვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამართვა.
კაჩინსკიმ ევროკავშირის რეფორმირების საჭიროებას გაუსვა ხაზი. „ევროკავშირი უნდა შეიცვალოს. ეს ჩემი მტკიცე რწმენაა – რწმენა, რომელსაც იზიარებს ჩემი პოლიტიკური მოძრაობა და ჩემი აზრით, მრავალი პოლონელიც“, – განაცხადა „კანონი და სამართლიანობის“ თავმჯდომარემ.
ამასთან, როგორც მან დასძინა, „ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების დასკვნით დებულებებში, მოგვიანებით კი ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებაშიც არსებობს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს, რა პირობებით შეუძლია სახელმწიფოს ევროკავშირიდან გასვლა“.
„ეს ყველაფერი მოლაპარაკებებით იწყება. უბრალოდ, უნდა დავიწყოთ ეს მოლაპარაკებები. ეს ხისტი და სარისკო მეთოდია, მაგრამ მდგომარეობა მართლაც იმდენად ცუდია, იმდენად მძიმეა, რომ თუ სხვა გზები შედეგს არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს.
რა თქმა უნდა, ამას მტკიცე ნება და პოზიციების შეთანხმება სჭირდება. იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც ვგულისხმობდი, რიგ საკითხებზე პოზიციები ზოგჯერ ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. განსაკუთრებით, ეს აღმოსავლეთის პოლიტიკას ეხება. თუმცა ასეთი სახელმწიფოები არსებობენ“, – განაცხადა კაჩინსკიმ.
მისმა განცხადებამ მმართველი კოალიციის პოლიტიკოსების კრიტიკა გამოიწვია.
კაჩინსკის პოზიციას გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.
მისი თქმით, კაჩინსკიმ ფაქტობრივად ღიად განაცხადა, რომ პოლონეთმა ევროკავშირიდან გამოსვლაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
„იაროსლავ კაჩინსკიმ ახლახან განაცხადა, რომ პოლონეთმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირიდან გასვლის პირობების თაობაზე. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, სხვა საკითხებთან ერთად, იმ ბრძოლაში, რომელიც დღეს პოლონეთში მიმდინარეობს. მძიმე ბრძოლაა. მე არ ვაპირებ მის წაგებას, თუნდაც ყველა არ თამაშობდეს ჩემს მხარეს“, – დაწერა ტუსკმა X-ზე.


