პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ლევან სამუშიას გამოსვლის შესახებ: “სრულად პოლიტიკური გამოსვლაა. ამას ვისმენთ მოთმინებით, რადგან პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება, ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, სათანადო პასუხი გავცეთ ამავე დარბაზში”

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „ლელოს“ წარმომადგენლის, ლევან სამუშიას სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.

„ამდენი ხანია, ჩვენი გუნდის წევრებზე საუბრობს. სრულად პოლიტიკური გამოსვლაა, მათ შორის, ბატონ გია ვოლსკისთან დაკავშირებით, – როდის, სად იყო და რატომ წამოვიდა ხელისუფლებიდან. მაშინ ამ ყველაფერს ჩვენც უნდა გავცეთ პასუხები. მათ შორის, შალვა შავგულიძესთან დაკავშირებით, რომელიც 2016-2020 წლებში პარლამენტის წევრი რომ იყო, გიგა ბოკერიას გვერდით იჯდა, მისი პარტიის წევრი გახდა. თუ კოალიციაში არ ყოფილა? რა ვქნათ ახლა, პოლიტიკური გამოსვლები დავიწყოთ?

რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ პარალელური სამყარო არსებობს, თურმე, საქართველოში, და ამ საქართველოში ცხოვრობენ ამ პარტიის წარმომადგენლები. ამას ვისმენთ და მოთმინებით ვართ იმიტომ, რომ პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება, ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, სათანადო პასუხი გავცეთ ამავე დარბაზში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.