ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: “თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს”

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ერთად აღვნიშნოთ ქართული დიპლომატიის დღე — თარიღი, რომელიც ჩვენი ერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოაზროვნის, მწერლისა და დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის უკვდავ სახელსა და მის მემკვიდრეობას უკავშირდება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

“საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თავისი არსით, მუდმივი დიპლომატიური ბრძოლის, ოსტატობისა და სტრატეგიული ლავირების ისტორიაა. ჩვენი სამშობლო ასწლეულების მანძილზე იმყოფებოდა მსოფლიოს უდიდესი იმპერიებისა და ცივილიზაციების ინტერესთა
გადაკვეთის გზაჯვარედინზე.

იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა სახელმწიფოებრივი უწყვეტობა, ქრისტიანული სულიერება და ეროვნული თვითმყოფადობა, ჩვენს ერს სჭირდებოდა არა მხოლოდ ბრძოლის ველზე გამოვლენილი გამორჩეული სიმამაცე, არამედ უმაღლესი რანგის დიპლომატიური სიბრძნე — ზოგჯერ სტრატეგიული მოთმინება, ზოგჯერ კი უაღრესად ფრთხილი, გააზრებული და პრაგმატული მანევრირება.

სწორედ ამ მუდმივმა ეგზისტენციალურმა გამოწვევებმა ჩამოაყალიბა საქართველოს უნიკალური ნიშა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. ჩვენი სამშობლო ისტორიულად წარმოადგენდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კულტურათა შეხვედრის სივრცეს, რაც მოითხოვდა ისეთი დიპლომატიური ხერხების გამოყენებას, სადაც, ეროვნული ინტერესების უზენაესობასთან ერთად, სიღრმისეულად იყო გააზრებული რეგიონული და გლობალური აქტორების სტრატეგიული მიზნები.

საქართველო საუკუნეების მანძილზე ასრულებდა მასზე დაკისრებულ მშვიდობისმყოფელის მისიას, რაც რეგიონში ცივილიზაციათა დიალოგისა და ძალთა ბალანსის უზრუნველყოფას გულისხმობდა. დღესაც, ჩვენი ეროვნული დიპლომატიის უმთავრესი სტრატეგიული ვექტორი სწორედ ეს უნდა გახდეს.

თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს“, — აღნიშნა ყაველაშვილმა.