ირაკლი კობახიძე: “საფრანგეთში საქმე აღიძრა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც იმავეს ჰქონდა ადგილი, იყო პირიქით – წამახალისებელი გზავნილები, რაც სამარცხვინოა”
„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე კითხვები დაისვას შესაბამისი ადრესატების მიმართ – იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ, წაეხალისებინათ საქართველოში “მოლოტოვის კოქტეილების” სროლა, და აქ იყვნენ უცხოელი დიპლომატებიც. რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელი და სამწუხაროა, ეს იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეიწყალა შესაბამისი პირი და მთელი კამპანია იყო ჩართული “მოლოტოვის კოქტეილის” სასარგებლოდ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„გახსოვთ ევროპული დაფინანსებით მოქმედი “ენჯეოები”, რომლებიც შესაბამის კამპანიას აწარმოებდნენ. ეს იყო უკიდურესად შემაშფოთებელი. რას ვხედავთ საფრანგეთში – საფრანგეთში საქმე აღიძრა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება და, ჩვენს შემთხვევაში, როდესაც იმავეს ჰქონდა ადგილი, იყო პირიქით – წამახალისებელი გზავნილები, რაც სამარცხვინოა. ეს აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის სამარცხვინო სახეს და ეს აჩვენებს, ასევე, ქართული რადიკალური ოპოზიციის, იგივე უცხოური აგენტურის სახეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


