გიორგი სოსიაშვილი რადიკალურ ძალებზე: „როგორც სარეველა სპობს კულტურულ მცენარეს, ეს რადიკალური ძალებიც ზუსტად ასევე სპობდნენ ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიციური ძალების აღმოცენებას. ღმერთმა არ ქნას, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობდეს და განსხვავებული სიტყვა არ ისმოდეს, მაგრამ ოპოზიცია და ეს ფაშისტური დაჯგუფება სრულიად სხვადასხვა რამეა“
„როგორც სარეველა სპობს კულტურულ მცენარეს, ეს რადიკალური ძალებიც ზუსტად ასევე სპობდნენ ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიციური ძალების აღმოცენებას. ღმერთმა არ ქნას, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობდეს და განსხვავებული სიტყვა არ ისმოდეს, მაგრამ ოპოზიცია და ეს ფაშისტური დაჯგუფება სრულიად სხვადასხვა რამეა“, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა ასაკრძალ პარტიებზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი სოსიაშვილმა ევროპაში არსებულ ვითარებასა და ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტებზეც გაამახვილა ყურადღება.
„ვხედავთ, რა ხდება ევროპაში. ახლახან ვუსმენდი, რომ საფრანგეთში საქმე აღიძრა – მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებისა და პოლიციაზე თავდასხმისთვის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აპატიმრებენ თურმე ადამიანებს. ჩვენთან კი უფლება ჰქონდათ, რუსთაველი გადაეწვათ, პოლიციელები დაესახიჩრებინათ და ა.შ. აი, ასე ბუმერანგივით მიუბრუნდათ.
მოვისმინეთ, როგორი ბრალდებები გაისმა საერთაშორისო მედიაშიც ქალბატონ ურსულასთან და ევროკომისიის ხელმძღვანელობასთან მიმართებაში – რომ არასამთავრობო ორგანიზაციების და, ზოგიერთ შემთხვევაში, პროფკავშირების დამფინანსებლებად გვევლინებიან. წარმოიდგინეთ, ევროკომისიის ხელმძღვანელობა შეიძლება იყოს იმ ძალების წამქეზებელი, რომლებიც პარიზისა და მილანის ქუჩების დარბევაში არიან მხილებულნი, წარმოუდგენელი ამბავია. და ამ ადამიანებისგან რა ევროპულ ნათელ მომავალს უნდა ველოდებოდეთ?! ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რას გადავურჩით, რა გამოიარა საქართველომ და რა უბედურებას დააღწია თავი ჩვენმა ქვეყანამ – 90-იანი წლებისკენ, სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიგვათრევდნენ. ამას დავაღწიეთ თავი ჩვენი სიმტკიცით და ასეც იქნება. ამიტომ კარგად დაიმახსოვრონ, რომ ჩვენს ხალხთან არაფერი გამოუვათ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ არგუმენტებით, რომლებიც სარჩელშია წარდგენილი, სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, თუმცა პოლიტიკურ ველზე ამ პარტიების ადგილი არ არის. როგორც სარეველა სპობს კულტურულ მცენარეს, ეს რადიკალური ძალებიც ასე, სარეველასავით სპობდნენ ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიციური ძალების აღმოცენებას. რასაკვირველია, როგორც კი საქართველოში აღარ იარსებებს ეს დამნაშავეთა კრებული, გამოჩნდებიან ჯანსაღი ოპოზიციური ძალები, რომლებიც ჯანსაღი ოპონირებით, ალტერნატიული პროგრამების შეთავაზებით გამოვლენ და ა.შ. ღმერთმა არ ქნას, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობდეს და განსხვავებული სიტყვა არ ისმოდეს, მაგრამ ოპოზიცია და ეს ფაშისტური დაჯგუფება სრულიად სხვადასხვაა“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.


