ირაკლი ხელაძე: „საფრანგეთში მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ და საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების წინაშე პირნათელი იყო, როდესაც ამბობდა, რომ პროპორციულ ძალას იყენებდა იმ აქციებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ, ქვეყანა ათას უბედურებაში გაეხვიათ“
„საფრანგეთში მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ და საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების წინაშე პირნათელი იყო, როდესაც ამბობდა, რომ პროპორციულ ძალას იყენებდა იმ აქციებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ, ქვეყანა ათას უბედურებაში გაეხვიათ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ხელაძემ განაცხადა.
„როდესაც ვსაუბრობთ საფრანგეთში არსებულ ვითარებაზე, აუცილებლად უნდა გავავლოთ პარალელი საქართველოში მომხდარ იმ მოვლენებთან, რა დროსაც ცალსახად სახეზე გვქონდა ორმაგი სტანდარტი. მოდით, სიმბოლურ აქტზე მეტად, ამას უსამართლობა დავარქვათ – თურმე მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა პროპორციული ძალის გამოყენებით წესრიგის დაცვასა და აგრესიული მომიტინგეების განეიტრალებას, ამაზე მაშინ ძალიან ბევრი ახსნა-განმარტების გაკეთება გვიწევდა ყველას, მათ შორის – ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ „ქართულ ოცნებას“. და დღეს რას ვხედავთ? – იგივე ქმედებებისთვის, რისი რომანტიზებაც საქართველოში უშუალოდ ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან ხდებოდა.
საუბარი რადგან მოლოტოვის კოქტეილებზეა, საზოგადოებას გავახსენებ ლაზარე გრიგორიადისს, რომელმაც ფაქტობრივად გაწირა პოლიციელი, რომელიც თავისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად იცავს წესრიგს ქვეყანაში. და რა მოჰყვა ამ ყველაფერს? ჩვენ გვახსოვს კონკრეტული ევროპელი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მოწოდებები, რომ ლაზარე გრიგორიადისთან მიმართებაში სასჯელი იყო არაადეკვატური. გვთხოვდნენ სასჯელის გადახედვას, პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა ხელისუფლების მისამართით, პირდაპირ თავს ესხმოდნენ მართლმსაჯულების სისტემას და ზეწოლას ახდენდნენ, რათა ეს ყველაფერი გადაწყვეტილებებზე ასახულიყო.
დღეს კი, როდესაც საფრანგეთში, ევროპის შუაგულში ხდება იგივე ფაქტი, აღმოჩნდა, რომ თურმე იგივე ქმედება, რაც მათი თქმით დასაშვები ყოფილა საქართველოში, იმიტომ რომ კონკრეტულ ჯგუფებს ეს ასე აწყობდათ, დაუშვებელია საფრანგეთში და მკვლელობის მცდელობად ფასდება და ირაცხება. და არა მარტო საფრანგეთში – მთელი ევროპა მოიცა ამ არეულობამ. იგივე ხდება დაახლოებით, რაც ხდებოდა საქართველოში – ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მხრიდან. ეს ყველაფერი ემსახურება გარკვეული ჯგუფების ინტერესებს. იგივე ხელწერაა: გამოიყენება პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები და სხვადასხვა მძიმე საგანი, რომლებსაც შეუძლია ადამიანების მძიმე დაზიანება.
ის, რაც ხდება დღეს საფრანგეთში და რაც მოხდა საქართველოში, აჩვენებს ერთ სურათს: „ქართული ოცნება“ და საქართველოს ხელისუფლება იყო პირნათელი საკუთარი მოქალაქეების წინაშე, როდესაც ის ამბობდა, რომ იყენებდა პროპორციულ ძალას იმ აქციებისა და დემონსტრაციების წინააღმდეგ. ყველას გვახსოვს, რაც მაშინ ხდებოდა: მიზანმიმართული შტურმი, ძალადობრივი ქმედებები, მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ, პარლამენტის აღების მცდელობა და ათასი უბედურება – რეალურად ჩვენ სერიოზული საფრთხეები ავაცილეთ ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.


