შალვა პაპუაშვილი: „ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს“
„უპირველეს ყოვლისა, თავად ფაქტი ვიზიტისა არის უკვე ისტორიული – იმ მხრივ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი. აქამდე ჩვენ არ გვქონია არც ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში და არც საქართველოს პარლამენტის ვიზიტი ყირგიზეთში.
ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, მათ შორის, ყირგიზეთთან ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო დერეფნის სრულად დატვირთვის და ინფრასტრუქტურული განვითარების მხრივ“, – განაცხადა ყირგიზეთში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„დღეს მქონდა შეხვედრა ჩემს კოლეგასთან, ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. საუბარი გვქონდა, რომ ჩვენ, როგორც პარლამენტებმა, ხელი უნდა შევუწყოთ შუა დერეფნის განვითარებას, ამის საკანონმდებლო ხელშეწყობა სადაც იქნება საჭირო. გარდა ამისა, პარლამენტების დარგობრივი კომიტეტების თანამშრომლობის მხრივ, რომლებიც სხვა მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე იმუშავებენ.
ასევე, კოლეგა საქართველოში მოვიწვიე და მას სურს, რომ მომავალ წელს გვეწვიოს. საერთო ჯამში, ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს. მანამდე, ვიზიტით გახლდით ყაზახეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. ყირგიზეთის შემდეგ, ვგეგმავ ასევე ტაჯიკეთში ვიზიტს.
საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა, რომ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან საქართველოს პარლამენტს ჰქონდეს თანამშრომლობის ფორმატი. მათ შორის, დღეს შევთავაზე საქართველოსა და ცენტრალური აზიის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის ფორმატი. ამაზეც გვექნება მსჯელობა, იმისთვის, რომ სატრანსპორტო დერეფნის იმ ჯაჭვში, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ ავაწყოთ, ყველა ქვეყნის პარლამენტები ვიყოთ ჩართული მისი საკანონმდებლო ჩარჩოს უზრუნველსაყოფად და პროცედურების ჰარმონიზაციისთვის“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.


