„Euronews-ის“ პრეზიდენტი: „საქართველომ და სომხეთმა ბოლო წლებში მშპ-ის შთამბეჭდავი ზრდა აჩვენეს. უნდა მოვისმინოთ მათი ხმა ბრიუსელში, გავიგოთ გეგმები. დიალოგზე უარის თქმა გამოსავალი არ არის“
ევროკავშირის გაფართოების სამიტი „Euronews-ის“ პრეზიდენტმა გახსნა. პედრო ვარგას დავიდმა თქვა, რომ ევროპა ისტორიულ გზაჯვარედინზე იმყოფება და უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა გაფართოება რეალური პრიორიტეტი. მისი განცხადებით, კანდიდატ ქვეყნებს შორის, მოსახლეობის მხარდაჭერით ალბანეთი და საქართველო ლიდერობენ.
შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა აქვს სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას – საქართველოსა და სომხეთს. მათთან დიალოგზე უარის თქმა კი გამოსავალი არ არის.
“ევროპა ისტორიულ გზაჯვარედინზე იმყოფება. ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს სულ უფრო მეტი ქვეყანა გამოთქვამს. ომმა ევროპის კონტინენტი მოიცვა. მეორე მხრივ, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში ვხედავთ, რომ ხალხი ქუჩებში გამოდის.
ამ ვითარებაში უნდა დავსვათ კითხვა: არის თუ არა გაფართოება რეალური პრიორიტეტი? ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი წინ წავწიოთ? სამართლიანები ვართ ჩვენი საზოგადოებებისა და კანდიდატი ქვეყნების მიმართ? ვიმსახურებთ და ვინარჩუნებთ თუ არა კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეების ნდობასა და მხარდაჭერას? კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ალბანეთია, სადაც ევროკავშირში გაწევრიანებას 92%-ზე მეტი უჭერს მხარს. მეორე ადგილზე საქართველოა – 71%-იანი მხარდაჭერით. მას მოსდევს უკრაინა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და მოლდოვა.
ალბანეთისა და საქართველოს შემთხვევაში ვითარება ნათელია. თუმცა, სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: ხომ არ არის ეს მაჩვენებლები მეტისმეტად დაბალი?
დღეს ჩვენ სამხრეთ კავკასიის ორი სტუმარს ვმასპინძლობთ – საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს. ეს ორი ქვეყანაა, რომლებმაც ბოლო წლებში მშპ-ის შთამბეჭდავი ზრდა აჩვენეს. მათი მოსახლეობა კი კულტურით, ტრადიციებითა და გეოგრაფიით ევროპას უკავშირდება. ჩვენ უნდა მოვისმინოთ მათი ხმა. აქ, ბრიუსელში, უნდა გავიგოთ მათი გეგმები და მოვამზადოთ ევროპული პასუხი. მათთან დიალოგზე უარის თქმა გამოსავალი არ არის – არც ჩვენი ერთიანობისთვის და არც ჩვენი ინტერესებისთვის“, – განაცხადა „Euronews-ის“ დირექტორმა პედრო ვარგას დავიდმა.


