ნიკოლ ფაშინიანი: “ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში. როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საქართველოს მტკიცე მისწრაფება, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი”
“ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში, მით უმეტეს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე.
მას დისკუსიების მოდერატორმა შემდეგი კითხვით მიმართა: „თქვენ მონაწილეობთ Enlargement Summit-ში სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, რომელთა ქვეყნებიც უკვე ადგანან ევროკავშირში გაწევრიანების გზას — ზოგი მრავალი წელია, ზოგი კი შედარებით მცირე ხანია. ამ სამიტის დასრულებისას, სომხეთის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ერთი კონკრეტული ვალდებულების აღება რომ შეგეძლოთ, რა იქნებოდა ეს?“
„გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საქართველოს მტკიცე მისწრაფება, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამიტომ, სომხეთისთვის საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმ თვალსაზრისითაც, თუ როგორ აღიქვამენ ჩვენი მოქალაქეები სომხეთის ევროპულ პოლიტიკასა და ევროპულ პერსპექტივებს”, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
მოდერატორმა კი დასძინა, რომ მოგვიანებით ამ საკითხზე საქართველოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციასაც მოისმენენ.


