ირაკლი კობახიძე: „ქართული მედია 2012 წელს გათავისუფლდა მონოპოლიური სისტემისგან, დღეს რომ ჩვენთან არის დამკვიდრებული მედიაპლურალიზმი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ მოტანილი დემოკრატიული გარდატეხის დამსახურება“
„2012 წელს გათავისუფლდა მონოპოლიური სისტემისგან ქართული მედია და დღეს რომ ჩვენთან არის დამკვიდრებული მედიაპლურალიზმი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და მის მიერ მოტანილი დემოკრატიული გარდატეხის დამსახურება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა თვალსაზრისით ეს არის სამარცხვინო ანგარიში.
„თქვენ იცით, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე. მთლიანად სატელევიზიო სივრცე იყო მონოპოლიზებული თან ყაჩაღური ფორმით. იცით, როგორ წაართვეს კანონიერ მფლობელს „რუსთავი2″, როგორ წაართვეს კანონიერ მფლობელს „იმედი“, როგორ დაეპატრონენ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ყველა ტელევიზია იყო ერთ ხელში და იყო მონოპოლიზებული მაშინდელი რეჟიმის მხრიდან. 2012 წელს გათავისუფლდა მონოპოლიური სისტემისგან ქართული მედია და დღეს რომ ჩვენთან არის დამკვიდრებული მედიაპლურალიზმი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და მის მიერ მოტანილი დემოკრატიული გარდატეხის დამსახურება. ასეთ დროს როდესაც კადრულობენ კონკრეტული ორგანიზაციის წარმომადგენლები ასეთ რამეს, ამაზე საზოგადოებას თავისი შეფასება აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.


