მაკა ბოჭორიშვილი „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე პრემიერის მონაწილეობის შესახებ: “ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის, გარკვეულწილად, ინტერესი, მოუსმინონ საქართველოს. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან და მზაობასთან დაკავშირებით – რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან დიალოგისთვის”
“ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის, გარკვეულწილად, ინტერესი, მოუსმინონ საქართველოს. ეს, რა თქმა უნდა, იყო კარგი შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და ეს შესაძლებლობა, ეს მოსაწვევი გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირის გაფართოების თემას”, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ქართული მხრიდან გაჟღერდა ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს დიალოგთან, საუბართან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირს ეჩვენება პრობლემურად, რომ არის მათთვის მნიშვნელოვანი ამ პროცესში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან და მზაობასთან დაკავშირებით – რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან დიალოგისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივები, კანდიდატი ქვეყნების ევროპული მომავალი და პოლიტიკური გამოწვევები – ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებული გაფართოების სამიტი გაიმართა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ისტორიულ არჩევანზე, ევროსტრუქტურებთან დღეს არსებულ ურთიერთობებსა და დიალოგის მზაობაზე ისაუბრა. დისკუსიები შეეხებოდა კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესსა და განხორციელებულ რეფორმებს.


