პოლიტიკა

მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა: “ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და არანაირად არ უკავშირდება ეს საპროცესო შეთანხმებას“

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის ციხიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე გათავისუფლდა. მასთან ერთად გათავისუფლდა კიდევ ერთი მსჯავრდებული ლაშა ბერიძეც.

„პასუხისმგებლობაც ავიღე და სასჯელიც მოვიხადე. [სასამართლოს] ყველა სხდომაზე მოვუწოდებდი სხვა დაკავებულებს, ესარგებლათ საპროცესო შეთანხმებით, რაც მოხდა კიდეც. არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება. მძიმე პასუხისმგებლობაა. რაღაცების გადაფასება ხდება. ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და არანაირად არ უკავშირდება ეს საპროცესო შეთანხმებას“, – აღნიშნა ზოდელავამ.

ლაშა ბერიძისა და მურთაზ ზოდელავას გარდა, საპროცესო შეთანხმება, მათთან ერთად, კიდევ ორ მსჯავრდებულს – გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას გაუფორმდა. საპროცესო შეთანხმების თანახმად, ოთხივე მსჯავრდებულს 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადეს, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლებათ.