პოლიტიკა

ევროკომისიის მორიგი დეზინფორმაცია – გაფართოების ანგარიშში, საქართველოსთან დიალოგის შეჩერებაში კვლავ პრემიერ-მინისტრია დადანაშაულებული, როცა სინამდვილეში, საქართველოსთან დიალოგი ევროკავშირის ინიციატივით, 2024 წლის ივნისში შეჩერდა

ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშში კვლავ არის აღნიშნული, რომ თითქოს, ბრიუსელსა და თბილისს შორის დიალოგის შეჩერება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ მოხდა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, 2024 წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ დაიწყებდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის პროცესს.

ევროკომისიაში ამბობენ, რომ 2024 წელს გაკეთებული განცხადება ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს.

„2024 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ დაიწყებდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის პროცესს, ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტებს, ისე მთავრობის 2025-2028 წლების პროგრამას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

თუმცა, დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ საქართველოსთან დიალოგი თავად ევროკავშირის ინიციატივით, 2024 წლის ივნისში შეჩერდა. მაშინ აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკომისიამ მიიღო და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც აცნობა.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში ისე მომზადდა, პროცესში საქართველოს მთავრობა და შესაბამისი უწყებები ჩართული არ ყოფილან, რადგან ბრიუსელი საქართველოსთან ბოიკოტის რეჟიმშია. შესაბამისად, ანგარიში რეალობას ვერ ასახავს, ვინაიდან მთლიანად ოპოზიციის მიერ მიწოდებულ დეზინფორმაციაზეა აგებული.