“BLOOMBERG-ი”: “ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე უარი განაცხადა და ამით პრემიერ ტუსკს დაუჭირა მხარი”
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის მონაწილეობით დაგეგმილ პრესკონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ინფორმაციას “Bloomberg-ი” ავრცელებს.
ამ ნაბიჯით, როგორც სააგენტო წერს, ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს უჭერს მხარს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ შექმნილ კრიზისში პრეზიდენტ ნავროცკის პოლიტიკური მეტოქეა.
ფონ დერ ლაიენს დღეს დასავლეთ სლოვაკეთის ქალაქ ტრენჩინში დაგეგმილ შეხვედრაში უნდა მიეღო მონაწილეობა, სადაც პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრეზიდენტები, ე.წ. ვიშეგრადის ჯგუფის ლიდერები შეიკრიბნენ.
შეხვედრის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტს ერთობლივ პრესკონფერენციაშიც უნდა მიეღო მონაწილეობა.
წყაროების ცნობით, ფონ დერ ლაიენი, თავდაპირველად, სამიტში მონაწილეობაზე სრულად უარის თქმას გეგმავდა, თუმცა გადაიფიქრა, რადგან ამ გადაწყვეტილებას, შესაძლოა, უარყოფითი გამოხმაურება მოჰყოლოდა.
საბოლოოდ, მან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილ პრესკონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა, რათა ტუსკისთვის მხარდაჭერა გამოეხატა და პოლონეთის პრეზიდენტის პოზიციისთვის ლეგიტიმაცია არ მიენიჭებინა.
“ტუსკსა და ნავროცკის შორის დაპირისპირება პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლეების დანიშვნის საკითხს უკავშირდება. ნავროცკი პარლამენტის მიერ შერჩეული მოსამართლეების ფიცის დადებაზე უარს ამბობს, რის გამოც მათი დანიშვნის პროცესი შეფერხებულია”, – წერს “Bloomberg-ი”.
კრიზისი გასულ პარასკევს გამწვავდა, როდესაც პოლონეთის მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები გაგზავნა და სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე გადააყენა. ამ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები და სამართლის ექსპერტების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. ქვეყანაში საკონსტიტუციო კრიზისი საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გამწვავდა.
ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, გააძლიეროს პოლონეთის ნაციონალისტური ოპოზიციის კრიტიკა, რომლის წარმომადგენლები ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მხარის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. ეს დაპირისპირება ათ წელზე მეტია, გრძელდება.
როგორც “Bloomberg-ი” წერს, ევროკომისია მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე ტუსკის მთავრობის პოზიციას თავიდანვე უჭერდა მხარს და აცხადებდა, რომ ახალი მოსამართლეების შერჩევა პარლამენტის უფლებამოსილებაა. მანამდე ნავროცკი ამტკიცებდა, რომ შერჩევის პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობდა.
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მანამდე ნათქვამი ჰქონდა, რომ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. ეს შეფასება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მაშინდელმა ნაციონალისტურმა ხელისუფლებამ სასამართლოში პოლიტიკური დანიშვნები განახორციელა.
დონალდ ტუსკი, რომელიც მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იყო, ხელისუფლებაში 2023 წელს მოვიდა. მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება ქვეყანაში კანონის უზენაესობის აღდგენა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება იყო, თუმცა მისი დღის წესრიგის ნაწილის განხორციელებას პრეზიდენტი ნავროცკი აფერხებს.


