მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ: “ამ რანგის სტუმარი საქართველოში პირველად იმყოფება ჩინეთიდან და, რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო შესაძლებლობას მოგვცემს იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დინამიკა”
„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.
ჩინეთსა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული ურთიერთობები, სტრატეგიულ დონეზე ჩვენი ურთიერთობების აყვანა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან.
„აღსანიშნავია, რომ ამ რანგის სტუმარი საქართველოში პირველად იმყოფება ჩინეთიდან და, რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო შესაძლებლობას მოგვცემს იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დინამიკა, შესაძლებლობები, პოტენციალი, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, განსაკუთრებით, ეკონომიკური კუთხით ურთიერთობების განვითარებისთვის. ეს მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე და გაღრმავებაზე სხვადასხვა მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე, გვექნება შესაძლებლობა, რომ ბიზნესსაზოგადოებასთან ერთად ვისაუბროთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, განვითარების შესაძლებლობებზე და ესეც საქართველოში უმაღლესი დონის ვიზიტის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


