ლევან მაჭავარიანი: “პატრონებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობისა და მისი შედეგების კრიტიკა არა მხოლოდ უშედეგო, არამედ დამაზიანებელი იქნებოდა, შესაბამისად, საკუთარ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს, რაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივმა რადიკალებმა უსიტყვოდ შეასრულეს”
“დასრულდა საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგისა და მისი დელეგაციის ვიზიტი, რაც, ერთი მხრივ, ჩინეთსა და საქართველოს შორის ბოლო წლებში განვითარებული დადებითი ურთიერთობების ლოგიკური შედეგია, მეორე მხრივ კი, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური თუ პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით ახალ შესაძლებლობებს აჩენს”, – წერს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეს ჩინეთის – დღეისათვის, ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოს – ამ რანგის თანამდებობის პირის პირველი სტუმრობაა საქართველოში, მეტიც – ასეთი დონის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, დაახლოებით, ათი წელიწადია არ განხორციელებულა. ამ დრომდე ველოდი რომელიმე ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი, აგენტურული პარტიების გამოხმაურებას, თუმცა, მათი ე.წ. ლიდერები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ვიზიტთან დაკავშირებით სრულ დუმილს ამჯობინებენ.
ასე ერთ სტილში მოქმედება და აბსოლუტური სიჩუმე კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი კოორდინირებულად, ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან. მათმა პატრონებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობისა და მისი შედეგების კრიტიკა არა მხოლოდ უშედეგო, არამედ დამაზიანებელი იქნებოდა, შესაბამისად, საკუთარ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს, რაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივმა რადიკალებმა უსიტყვოდ შეასრულეს. ეს არის მათი საქციელის ერთადერთი ახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია, საქართველოში მოქმედმა რომელიმე, თუნდაც მინიმალური ამბიციის მქონე პოლიტიკურმა პარტიამ ან თავმოყვარე პოლიტიკოსმა მსგავსი მასშტაბის მოვლენის შეფასებისგან თავი შეიკავოს.
საკონსტიტუციო სასამართლოში ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვების ფონზე კი, აღნიშნული პრეცედენტი, როგორც სასამართლოსთვის, ისე საზოგადოებისთვის კიდევ ერთი თვალსაჩინო არგუმენტია, რომ “კოლექტიურ ნაცმოძრაობას”, რომელიც, სინამდვილეში, აგენტურული დაჯგუფებაა, ერთი ხელი მართავს. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს, მთავარია, პატრონებს გულმოდგინედ ემსახურონ და, თუკი დავალება იქნება, რიყეზე ქვას ვერ დაინახავენ“, – წერს მაჭავარიანი.


