დავით ჩიხელიძე: „ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურს, მაგრამ რეალურად, მის ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეს, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდა“
„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენაა. ეს ჩინეთის ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია საქართველოში და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში“, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურს, მაგრამ რეალურად, მის ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეს, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდა.
ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსთვის კონკრეტული ეკონომიკური შესაძლებლობების მომტანია. ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია და ქართულ წარმოებას ამ ბაზარზე წვდომა განვითარების მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს. ეს ნიშნავს მეტ ექსპორტს, წარმოების ზრდას, ინვესტიციებს და ახალ სამუშაო ადგილებს.
მნიშვნელოვანია ტურიზმის მიმართულებაც. ჩინელი ტურისტების მზარდი რაოდენობა დამატებითი შემოსავალია ქართული სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, ტურისტული კომპანიებისა და მცირე ბიზნესისთვის. რაც უფრო მეტ საერთაშორისო ბაზარსა და ტურისტულ ნაკადს მოვიზიდავთ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება ქართულ ეკონომიკას.
ამასთან, საქართველო სულ უფრო საინტერესო ხდება როგორც დასავლეთისთვის, ისე აზიისთვის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, შუა დერეფანი, ანაკლიის პორტის პერსპექტივა და განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ქვეყანას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სივრცეში. საქართველოსთვის ბაზრების დივერსიფიკაცია სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია!“ – წერს ჩიხელიძე.


