ირაკლი კირცხალია: „მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე“
“კი, ბატონო, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი ურთიერთობებისთვის, ოღონდ ერთი დათქმით და პირობით, რომ მაქსიმალურად, თუ ვინმეს ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ, აუცილებლად გაითვალისწინონ ჩვენი ქვეყნის ინტერესიც. ჩვენთან საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ შეეგუა, შეეჩვია და თავის თავზე იგრძნო, რას ნიშნავს რეალურად დამოუკიდებელ, სუვერენულ და თავმოყვარე ქვეყანაში ცხოვრება, თუნდაც ბევრი გამოწვევით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
„განა რომელ ხელისუფლებას არ უნდა, რომ ათასობით ლარი იყოს პენსია და ხელფასი და ა.შ.? და სწორედ ასეთი დისკუსიები უნდა იმართებოდეს, პროფილური, დებატების რეჟიმში, ამ ფორმატში თუ სხვა ფორმატში და მათ შორის პარლამენტშიც. პარლამენტში უნდა იჯდეს ოპოზიცია აუცილებლად, რომელიც ასეთ, რეალურად მნიშვნელოვან გამოწვევებსა და საკითხებს დააყენებს.
იმ რეჟიმში, რომელ რეჟიმშიც გვამყოფა იმ ე.წ. პოლიტიკურმა გუნდმა, რომლებიც დღეს სამართლდებიან საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია მაინც იმას, რასაც მიაღწია.
იმ რეჟიმში, სადაც გვამყოფეს იმ უსამართლო განცხადებებით, რეზოლუციებით, წინასაარჩევნო თუ პოსტსაარჩევნო პერიოდში შიდა პოლიტიკურ საქმეებში პირდაპირი ჩარევითა და ჩართულობით, ვნახეთ სად დგას ჩვენი ქვეყანა და როგორ მივდივართ.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თემა და მიმართულება, განსაკუთრებით ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობის გამოყენებით და გათვალისწინებით არის ერთი, მაქსიმალური დივერსიფიცირება ჩვენი ეკონომიკის.
არ მინდა დღეს საუბრის დასასრულს არ შევეხო ჩვენს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი, პირველი სტრატეგიული პარტნიორია. რამდენიმე დღის წინ რეგიონში ვიხილეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ვიზიტი. აქაც არ უნდა დაგვავიწყდეს ის ორმაგი სტანდარტი და უსტანდარტობა, თურმე ჩინეთთან ურთიერთობა, მათ შორის სტრატეგიული, ვიღაცისთვის შეიძლება, ვიღაცისთვის არ შეიძლება.
მიუხედავად იმ შეურაცხყოფისა და უსტანდარტობისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე, ნებისმიერ ჩვენ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან.
და კიდევ ერთხელ, არავის დაავიწყდეს, რომ პოლიტიკური ელიტები და ბიუროკრატები ყოველთვის დროებითები არიან ყველგან, ყველა გაერთიანებაში, კავშირსა თუ ქვეყანაში.
ყველაზე მთავარი, სანამ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ქვეყნის მმართველობაში, დამერწმუნეთ, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესები ყველა ასპარეზზე იქნება 100%-ით დაცული”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ “რუსთავი – 2-ის“ გადაცემაში “დებატები”.


