პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: “თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ეს გახდება შესაძლებლობა ქართული დემოკრატიისათვის, რომ ოპოზიციურ ველზე იყვნენ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელავი პარტიები, არამედ ისეთი პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„მას შემდეგ, რაც 5 დღის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან დემაგოგიის, პოლიტიკურ ტრიბუნად სასამართლოს სხდომის გადაქცევის, ტყუილების, ფაქტებით მანიპულირების კასკადი ვიხილეთ, დღეს დაიწყება სასამართლო პროცესი, კითხვები მოსამართლეების მხრიდან და ჩვენ მზად ვართ, თითოეულ საკითხთან დაკავშირებით გვქონდეს მსჯელობა და, კიდევ ერთხელ, საზოგადოებისა და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი, კონსტიტუციის დარღვევის მცდელობები თუ განხორციელებული ფაქტები“, – აღნიშნა გორდულაძემ.

გორდულაძის განმარტებით, მმართველი გუნდის მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს ამ პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც, მათი თქმით, ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

„მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთი მხრიდან იმართებიან, ერთად გაერთიანებულები არიან, ერთ ორგანიზმად პოზიციონირებენ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ერთმანეთის მიმართ პიროვნული ანტიპათიები ახასიათებთ, როდესაც დავალების შესასრულებლად ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობენ, ერთსა და იმავეს აკეთებენ… თუნდაც, ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი, რომელმაც ისე ჩაიარა, თითქოს მათთვის, უბრალოდ, არ არსებობდა ასეთი ფაქტი. ზუსტად იგივე, მათი ეგრეთ წოდებული მედიები, პარტიული დანაყოფები არ აშუქებდნენ ან ცდილობდნენ, სადღაც ბოლო ნიუსად გაეშვათ და გაევრცელებინათ. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი ერთ თანხვედრაში არიან, როდესაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა ხდება.

ამავე დროს, 2012 წლიდან, ბოლო პარტიის დაფუძნებიდან დღემდე, ეს პარტიები ჩართულები არიან არაკონსტიტუციურტ საქმიანობაში. ამავე დროს, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ 2004-2012 წლები დავივიწყოთ და არ შევაფასოთ სამართლებრივადაც. მთავარია, რომ ამ ადამიანებისათვის კონსტიტუცია, ქვეყნის სუვერენიტეტი, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპი, უბრალოდ, არ არსებობს. ფეხქვეშ თელავენ ადამიანების გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის ნებას და ცდილობენ, რომ გარე მმართველობა დაამყარონ ამ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენი ვალია, როგორც პასუხისმგებლიანი გუნდისა, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლომაც შეაფასოს მათი ანტიკონსტიტუციური ქმედებები. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ისევ ქართული დემოკრატიისათვის, რომ ოპოზიციურ ველზე იყვნენ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელავი პარტიები, არამედ ისეთი პარტიები, რომელთათვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი. მათთან გვექნება უკვე პოლიტიკური კამათი და არ ვიქნებით ამ უცხო ძალების ნების გამტარებელი პარტიებისა თუ პირებისგან მხოლოდ ქვეყნის დაცვის პოზიციაში “, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.