„მსოფლიოს იმ გადანაწილებაში, რაც მიმდინარეობს, ევროპელებს ცხვირსაც არავინ ჩააყოფინებს, რადგან ამ გადანაწილებაში მთავარი მოთამაშე სახელმწიფოები ევროკავშირს, როგორც ძლიერ ინსტიტუტს, არ ცნობენ“ – ედიშერ გვენეტაძე ევროპის მონაწილეობის გარეშე მიმდინარე გლობალურ პროცესებზე
ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებსა და აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროპა ამ პროცესებს მიღმაა დარჩენილი, რადგან მთავარი მოთამაშეები მას ძლიერ ინსტიტუტად არ მიიჩნევენ.
„ისმის კითხვა – რატომ არ მონაწილეობს ევროპა აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ მოლაპარაკებებში? – ეს სწორედ ლოგიკური განვითარების შედეგია. და რატომ? იმიტომ, რომ ევროპამ, სამწუხაროდ, ვერაფერი ისწავლა ისტორიის გაკვეთილებიდან. ჩვენ გვახსოვს, პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ რა პროცესები განვითარდა ევროპაში: ის უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მას დიქტატურების ტალღამ გადაუარა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფაქტობრივად განადგურდა როგორც ეკონომიკურად, ისე გარკვეულწილად პოლიტიკურადაც. ის, რომ ევროპა პოლიტიკურად განადგურებულია, დღევანდელმა ვითარებამაც კარგად გამოაჩინა. მარშალის გეგმა, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპას წარუდგინა, ფაქტობრივად, მათი დაკაბალების გეგმა იყო. მართალია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევროპელებმა წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ როდესაც შენი ქვეყანა სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით სხვებზეა დამოკიდებული, ეს აუცილებლად გამოიწვევს ცუდ შედეგებს.
ხშირად მახსენდება 1945 წლის 9 მაისი, როდესაც კაპიტულაციაზე ხელისმოწერა გაიმართა (დიახ, ეს ჩვენთვის 9 მაისი იყო, ვინაიდან ომში მონაწილე 700 ათასი ქართველიდან 150 ათასი დაგვეღუპა). ფრანგები იქ სტალინის ნებით გამოჩნდნენ და, როგორც ამბობენ, კეიტელმა ხელი გაიშვირა და თქვა: „ამათაც ომი მოიგესო?“. აი, ახლაც, მსოფლიოს იმ გადანაწილებაში, რაც მიმდინარეობს, ევროპელებს ცხვირსაც არავინ ჩააყოფინებს, რადგან ამ გადანაწილებაში მთავარი მოთამაშე სახელმწიფოები ევროკავშირს, როგორც ძლიერ ინსტიტუტს, არ ცნობენ.
ევროკავშირი ინსტიტუციურად უკვე აღარ არსებობს და აღარაფერს წარმოადგენს. ევროკავშირმა და მისმა დღევანდელმა ხელმძღვანელობამ საკუთარი თავი მძევლად აქცია. როგორ ფიქრობთ, ახლა დონალდ ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი კაია კალასს მოლაპარაკებებზე დაუჯდებიან? არცერთ შემთხვევაში, ეს არ მოხდება.
ალბათ სამარეში ტრიალებენ ახლა უინსტონ ჩერჩილის, ფრანსუა მიტერანის, შარლ დე გოლისა და სხვა გამოჩენილ ევროპელ პოლიტიკოსთა სხეულები, იმიტომ რომ ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში ევროკავშირი არასდროს ყოფილა. თან, წარმოიდგინეთ, ასეთ სიტუაციაში ეს პოლიტიკურად დამბლადაცემულები კიდევ რეზოლუციებს იღებენ საქართველოზე“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.


