ედიშერ გვენეტაძე რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „მიმდინარეობს ისეთი პროცესი, რომელსაც დაჩქარება არცერთ შემთხვევაში არ ეგების, რადგან ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი ფუნდამენტურად უნდა დასრულდეს. ეს ყველაფერი სამართლებრივად უნდა იყოს გაწერილი და სკრუპულოზურად გაკეთებული“
„მიმდინარეობს ისეთი პროცესი, რომელსაც დაჩქარება არცერთ შემთხვევაში არ ეგების, რადგან ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი ფუნდამენტურად უნდა დასრულდეს. ეს ყველაფერი სამართლებრივად უნდა იყოს გაწერილი და სკრუპულოზურად გაკეთებული“, – ამის შესახებ ისტორკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ რადიკალური ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა.
„არსებობს ქართული გამოთქმა – „მოჩქარეს მოუგვიანდესო“. შესაბამისად, ისე უნდა გავაკეთოთ და მიმდინარეობს კიდეც ისეთი პროცესი, რომელსაც დაჩქარება არცერთ შემთხვევაში არ ეგების. ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი ფუნდამენტურად უნდა დასრულდეს, დღევანდელ დღეს მხოლოდ საქართველოში ეს არ დასრულდება, ვინაიდან ის მამაძაღლები (მაპატიეთ ამ სიტყვისთვის), რომლებიც იქ, საკონსტიტუციო სასამართლოში სხედან მოპასუხე მხარედ, ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ ამას სტრასბურგში და ამიტომ ეს ყველაფერი სამართლებრივად უნდა იყოს გაწერილი, სკრუპულოზურად უნდა იყოს გაკეთებული.
აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანი მოველით, რომ ეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ – ის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელსაც ასეთი საშინელებები აქვთ ჩადენილი პასუხს აგებს. მარტო „კასრების ამბავი“ რად ღირს. მინდა მივმართო შესაბამის ორგანიზაციებს: დიდი ეჭვია, რომ ეს კასრების მასალები უკრაინაშია გატანილი და თავიანთივე ხალხის დასაშანტაჟებლად აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომ ეს კადრები აუცილებლად უნდა მოიძებნოს.
შესაბამისად, თუ ეს ძალა ერთხელ და სამუდამოდ არ დასრულდა და ეს მავნებლური ე.წ. პარტიები საბოლოოდ არ ამოიშანთა, ეს დამოკლეს მახვილივით დაადგება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.


