საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა.
„ჩემთვის დიდი პატივია, სიტყვით მოგმართოთ ანტალიაში, გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს.
უპირველეს ყოვლისა, მსურს, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ბატონი რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და თურქეთის მთავრობის მიმართ ქალაქ ანტალიაში ჩვენი მასპინძლობისთვის, განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობისა და COP31-ის მაღალ დონეზე ჩასატარებლად გაწეული ძალისხმევისთვის.
ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო COP31-ის პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ბატონი მურატ კურუმს, ავსტრალიის მთავრობასა და COP31-ის მოლაპარაკებების პრეზიდენტს, მის აღმატებულება კრის ბოუენს — ამ გლობალური კონფერენციის წარმატებით მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის.
გულწრფელად ვუსამძიმრებ პრეზიდენტ ერდოღანს და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო, ამ განსაცდელის ჟამს ჩვენი ფიქრები თითოეულ დაზარალებულ ოჯახთანაა.
ჩვენ ვიკრიბებით იმ დროს, როდესაც კლიმატის ცვლილების ზემოქმედება მსოფლიოს ყველა რეგიონში, განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყნებში სულ უფრო მძიმე, ხშირი და თვალსაჩინო ხდება.
საქართველო და თურქეთი, როგორც უშუალო მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორები, კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა გამოწვევებს ერთად აწყდებიან. ეს რეალობა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვახსენებს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებისა და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობას.
კლიმატის ცვლილება პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო უსაფრთხოებას, ეკონომიკურ სტაბილურობას, ენერგეტიკულ და სურსათის უვნებლობას. ის ემუქრება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას, ეკოსისტემებს და ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას – ადამიანების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობას.
საქართველო სრული პასუხისმგებლობით აცნობიერებს ამ გლობალურ გამოწვევებს. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტითა და ბიომრავალფეროვნებით, თუმცა, ამავდროულად, მოწყვლადია კლიმატური რისკების მიმართ.
კლიმატის ცვლილება უდიდეს გლობალურ საფრთხესთან ერთად, შესაძლებლობაცაა საერთაშორისო სოლიდარობის გასაძლიერებლად, ერთობლივი ძალისხმევითა და მჭიდრო კოორდინაციით უსაფრთხო მომავლის ასაშენებლად. გლობალური დათბობის 1.5 გრადუსით შეზღუდვის მიღწევის გზა თანამშრომლობასა და ურთიერთნდობას უნდა ეფუძნებოდეს.
სამწუხაროდ, თანამედროვე მწვავე გეოპოლიტიკური პროცესები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რაც გვაფიქრებს იმაზე, თუ რა ტრაექტორიით ვითარდება კაცობრიობა და როგორი სამყარო გვსურს დავუტოვოთ მომავალ თაობებს.
საქართველო კვლავაც ურყევად უჭერს მხარ მშვიდობას, სტაბილურობასა და კონსტრუქციულ დიალოგს, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩვენი ხელისუფლება ადასტურებს მზაობას, მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და თავისი წვლილი შეიტანოს ყველა იმ გლობალურ ინიციატივაში, რომელიც მიმართულია ეკოლოგიური მდგრადობისა და გარემოს გაუმჯობესებისკენ.
ჩვენი მიზანია, განსაკუთრებული ძალისხმევა მივმართოთ ადაპტაციის ეროვნული პოლიტიკის გაძლიერებისკენ, ხელი შევუწყოთ ემისიების შემცირებას, გავზარდოთ კლიმატური დაფინანსება და უზრუნველვყოთ, რომ პარიზის შეთანხმებამ რეალური შედეგები გამოიღოს.
მხოლოდ ერთობლივი, კოორდინირებული და პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით შევძლებთ უფრო ძლიერი საზოგადოებების, მედეგი ეკონომიკებისა და უსაფრთხო მომავლის შენებას ჩვენი შვილებისთვის.
გმადლობთ ყურადღებისთვის!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტთან ერთად კონფერენციას დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.


