შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის შესახებ: „აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს. თანხობრივად რომ ავიღოთ, წელიწადში რაც არის მთელი ჩვენი ვაჭრობა, თვე- ნახევარში უხდიან ისინი რუსეთს მხოლოდ თხევად გაზში“
„არაერთხელ გვითქვამს და არაერთი ფაქტი ყოფილა, რომელიც ადასტურებს იმ ფარისევლობას, რასაც საქართველოს მიმართ ევროკავშირისგან ვხედავთ. ვხედავდით, როგორ გვიკრძალავდნენ ყველანაირ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და მოგვიწოდებდნენ, რომ, ფაქტობრივად, დაგვეზარალებინა ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სფერო – განსაკუთრებით, მეღვინეობა და სოფლის მეურნეობა. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ლიტვა იყო მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი ღვინის ექსპორტიორი რუსეთში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში რუსეთის არქტიკული „იამალის“ პროექტიდან თხევადი ბუნებრივი აირის შესაძენად, დაახლოებით, 8,7 მილიარდი ევრო გადაიხადეს.
„ახლაც ამას ვხედავთ. ნავთობპროდუქტებთან და ენერგოპროდუქტებთან დაკავშირებით ცდილობდნენ საქართველოს დაყოლიებას, არ შეესყიდა იაფი რესურსები რუსეთიდან, აგვეკრძალა ჩვენი ბიზნესისთვის რუსეთიდან საწვავის შემოტანა. ახლა აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს.
თანხობრივად რომ ავიღოთ, წელიწადში რაც არის მთელი ჩვენი ვაჭრობა, თვე-ნახევარში უხდიან ისინი რუსეთს მხოლოდ თხევად გაზში. რუსეთიდან ჩვენი იმპორტი მთლიანად არის დაახლოებით მილიარდ-ნახევარი, ან ცოტა მეტი, და ერთ მილიარდს მარტო თხევად გაზში უხდის ევროკავშირი რუსეთს. აქაც ჩანს ის ფარისევლობა, რითაც მათი საჯარო განცხადებებია გამოაშკარავებული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირმა 2026 წელს რუსეთის „იამალის“ პროექტიდან თხევადი გაზის შესაძენად 9 მილიარდ ევრომდე დახარჯა, რაც 2025 წლის მონაცემებს 20%-ით აღემატება.


