საზოგადოება

გოგა ხაინდრავა მიტროპოლიტ იობის განცხადებებზე: „მე ქართული ეკლესიის წევრი და მრევლი ვარ, ამიტომ არასოდეს მივცემ ჩემს თავს უფლებას, მღვდელმთავრის ქადაგებაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ როდესაც მღვდელმთავარი პოლიტიკურ ველზე შემოდის და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, ეს აღარ არის ქადაგება – ასეთ განცხადებას, როგორც მინიმუმ, ძალიან მყარი არგუმენტები სჭირდება, სხვა შემთხვევაში კი ეს არის ცილისწამება“

„მე ქართული ეკლესიის წევრი და მრევლი ვარ, ამიტომ არასოდეს მივცემ ჩემს თავს უფლებას, მღვდელმთავრის ქადაგებაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ როდესაც მღვდელმთავარი პოლიტიკურ ველზე შემოდის და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, ეს აღარ არის ქადაგება – ასეთ განცხადებას, როგორც მინიმუმ, ძალიან მყარი არგუმენტები სჭირდება, სხვა შემთხვევაში კი ეს არის ცილისწამება“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მიტროპოლიტ იობის ქადაგებაზე საუბრისას განაცხადა.

„მე მაინტერესებს, როგორ ხდება, რომ ერთი და იმავე დღეს სამმა სხვადასხვა მღვდელმთავარმა, სამმა სხვადასხვა ეპარქიის ხელმძღვანელმა ზუსტად ერთი და იგივე პოლიტიკური განცხადებები გააკეთა? თანაც, როდესაც იმის შესახებ, რაც განაცხადეს, დიდი კითხვის ნიშნებია – ჭეშმარიტებაა ეს თუ არა.

ეს ქადაგება აღარ არის, როცა სხვა ადამიანს, ჩემი აზრით, ცილს სწამებ, როცა ლაპარაკობ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არაეკლესიურები და არამორწმუნეები არიან და ა.შ. მე კარგად ვიცნობ ჩვენი პრემიერის, ირაკლი კობახიძის ოჯახს, საკმაოდ კარგად ვიცნობ ასევე პაპუაშვილების ოჯახს და ის, რომ ისინი არ არიან მორწმუნეები და ეკლესიურები სიმართლეს არ შეესაბამება. მე ყველა დღესასწაულზე ვხედავ ირაკლი კობახიძეს თავის პატარა შვილთან ერთად, რომელიც სტიქარში დგას ეკლესიაში. არ მგონია, რომ ურწმუნო მამის 9-10 წლის შვილი სტიქარით იდგეს ეკლესიაში, როდესაც მამაც იქვე სანთლით ხელში დგას.

მეორეც, მინდა ვკითხო ამის ავტორს: რა იცის მან, რომ ისინი ურწმუნოები არიან? თუ ეს ასე არ არის, მაშინ ამას ჰქვია ცილისწამება, ათი მცნებიდან ერთ-ერთი კი არის „არა ცილი სწამო“. მე მას ვეკითხები: საიდან იცი, რომ შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე ან ხელისუფლების რომელიმე წევრი არ არის ეკლესიური და მორწმუნე? ასეთ განცხადებას, როგორც მინიმუმ, ძალიან მყარი არგუმენტები სჭირდება. საერთოდ, ადამიანი მორწმუნეა თუ არა, შეიძლება ამის გამოცნობა ოჯახის წევრსაც კი გაუჭირდეს, რადგან მორწმუნეობა სულიერი მდგომარეობა და განცდაა და არა გარეგნული გამოვლენა.

მერე კიდევ, ის პრეტენზიები ცოტა გაუგებარია სხვა მღვდელმთავრებისადმი, რომლებიც თურმე სახელმწიფოსგან იღებენ დაფინანსებას. შენ საიდან იღებ დაფინანსებას? დიახ, ეკლესია იღებს სახელმწიფოსგან დაფინანსებას და სწორიც არის – ეს სახელმწიფოც სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ეს ეკლესია არსებობს და არსებობდა. მე ეკლესიის საქმეებში ღრმად ჩახედული არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ ეს სამართლიანობის პრინციპით ხდება.

რაც შეეხება კორუფციას, ნახეთ, რა ხდება ყველგან – ერთი სახელმწიფო მითხარი, სადაც კორუფცია არაა. მთავარია, როგორი დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს ამ კორუფციასთან. მე რასაც ვუყურებ, ისეთი მაღალი თანამდებობის პირები, როგორებიც საქართველოში არიან დაპატიმრებულები კორუფციაზე, ძალიან ცოტა ქვეყანაში არიან. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქმედითი ნაბიჯები ამასთან დაკავშირებით ხორციელდება, თანაც საკუთარივე წრეში, რაც ყველაზე რთულია.

მესმის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს ამ თემებზე ლაპარაკის უფლება, მაგრამ ერთი არის საუბარი და მეორე – ქადაგება. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს არ იყო ქადაგება, ეს იყო პოლიტიკური განცხადება“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.