კახა კალაძე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ: “ჩვენი მიზანია მოძრაობის ორგანიზება ისე, რომ ყველა მიმართულებით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და მაქსიმალურად ეფექტიანი”
“დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი არა ავტომობილების გაჩერება, არამედ მოძრაობის ორგანიზება და ყველა მიმართულებით უსაფრთხო, მოწესრიგებული და ეფექტიანი გადაადგილების უზრუნველყოფაა”, – განაცხადა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას.
„მე კარგად მესმის იმ ადამიანების უკმაყოფილება, რომლებიც ყოველდღიურად კერძო ავტომობილებით გადაადგილდებიან. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ გზაზე ავტობუსისთვის ცალკე ზოლი გამოიყო, თავად კი საცობში დგას, ბუნებრივია, უჩნდება კითხვა – რატომ გართულდა ჩემი გადაადგილება?
მინდა, თითოეულ მათგანს ვუთხრა: ჩვენი მიზანი არ არის ავტომობილის მძღოლისთვის პრობლემების შექმნა. ავტობუსის ზოლის დანიშნულებაა, შეზღუდულ საგზაო სივრცეში რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაადგილდეს სწრაფად, კომფორტულად და უსაფრთხოდ. ერთი ავტობუსით, ერთ ჯერზე, რამდენიმე ათეული ადამიანი გადაადგილდება, შესაბამისად, სატრანსპორტო პოლიტიკის შეფასებისას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია – მხოლოდ ავტომობილების რაოდენობას კი არ უნდა ვითვლიდეთ, არამედ იმასაც, რამდენ ადამიანს ემსახურება კონკრეტული ქუჩა.
არ ვამბობთ, რომ ყველა ცვლილება იდეალურია. სადაც კონკრეტული პრობლემა არსებობს, საჭიროა მისი შესწავლა, შედეგების შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კორექტირებაც. ჩვენთვის მთავარია, ეს გადაწყვეტილებები რეალურად ემსახურებოდეს თბილისელებს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ხშირად გვესმის კრიტიკა, არის შუქნიშნები. ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ თუ ქალაქში შუქნიშნებს მოვხსნით და გავაუქმებთ, ავტომობილები უფრო სწრაფად შეძლებენ გადაადგილებას და საცობებიც შემცირდება. სინამდვილეში, შუქნიშნის დანიშნულება მხოლოდ ავტომობილების გაჩერება არ არის. შუქნიშანი უზრუნველყოფს სატრანსპორტო ნაკადების სწორ გადანაწილებას, სხვადასხვა მიმართულებით მოძრავი ავტომობილების ორგანიზებულ გადაადგილებას, დაყოფას და, რაც მთავარია, ადამიანების უსაფრთხოებას.
წარმოიდგინეთ დიდი სატრანსპორტო კვანძი, სადაც ერთმანეთს რამდენიმე მიმართულების ნაკადი კვეთს. თუ მოძრაობა სწორად არ დარეგულირდა, მივიღებთ ქაოსს, კონფლიქტურ სიტუაციებს, საგზაო შემთხვევების რისკს და, საბოლოოდ, კიდევ უფრო დიდ შეფერხებებს. ამის მაგალითისთვის გავიხსენოთ “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორია – რამდენად რთული იყო და რამხელა პრობლემას წარმოადგენდა, სანამ ვითარების შუქნიშნებით დარეგულირება მოხდებოდა.
ამიტომ, თანამედროვე ქალაქებში შუქნიშნები გამოიყენება არა მხოლოდ ცალკეული გზაჯვარედინების, არამედ მთელი სატრანსპორტო დერეფნების მოძრაობის სამართავად.
იცით, რომ შევისყიდეთ ჭკვიანი შუქნიშნების პროექტი, რომლის დანერგვა მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს, რაც კონკრეტულ სიტუაციებსა და გზაჯვარედინებზე გვეხმარება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.


