პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: „საქართველოში მოქმედი აგენტურა (ძირითადად, “მდიდარი ენჯეოები”), რომლებსაც გადაეკეტათ ან ძალიან გაურთულდათ  უცხოური დაფინანსების მიღება, ახალ ტაქტიკაზე გადადიან, მოსალოდნელ  მოცარიელებულ პოლიტიკურ ოპოზიციურ  ველზე შეხტომას ესწრაფვიან, რათა სხვებს დაასწრონ და ახლა უკვე პოლიტიკოსების სახელით გააგრძელენ თავიანთი პატრონებისადმი მსახურება“

„ახალი გამოწვევის წინ მდგარი ქვეყანა

დღემდე არ განელებულა ვნებათაღელვა საქართველოს ხელისუფლების მიერ რამდენიმე წლის წინ მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიმართ, რომელსაც შინაურმა თუ გარეულმა “კეთილმოსურნეებმა” იმთავითვე “რუსული კანონი” უწოდეს“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

„ისინი დღემდე დიდი ძალისხმევით ცდილობენ, რომ ამ ტერმინმა აქტუალობა და ჟღერადობა არ დაკარგოს.

მაგრამ გადის დრო და ვხედავთ, რომ მოვლენების განვითარება თვითონ აუფერულებს და აუფასურებს მათ ძალისხმევას, რადგან ერთი მეორის მიყოლებით იღებენ ანალოგიური შინაარსის კანონებს ის ქვეყნები, რომლებსაც ვერც ანტიდემოკრატიულობას და ვერც პრორუსულობას დასწამებს ვინმე.

იმ სახელმწიფოების რაოდენობამ, რომლებმაც მსგავსი შინაარსის კანონები მიიღეს ან ახლა იღებენ, მსოფლიოში ამ ეტაპზე თითქმის ათეულს გადააჭარბა (ავსტრია, საფრანგეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, კანადა და ა. შ.).

ვიცით ისიც, რომ აშშ-ში თითქმის საუკუნეა მოქმედებს “ფარას” კანონი, რომელიც დღესაც ეფექტურად იცავს ამ ქვეყანას გარე ძალების ჩარევის საშიშროებისგან.

მართალია, ქართულ რეალობაში დამკვიდრებული ეს ამერიკული კანონი ბევრისთვის მაინც “რუსულია”, თუმცა მთავარი აქ არა სახელწოდება, არამედ როგორც ჩანს ის არის, რომ  გამჭვირვალობის კანონი ქართულ სინამდვილეშიც და სხვაგანაც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, რადგან  სხვა შემთხვევაში მის მიმართ არც ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა იქნებოდა და არც ასე ერთმანეთის მიყოლებით გადაწყვეტდნენ ქვეყნები მსგავსი შინაარსისა და სულისკვეთების კანონების მიღებას.

მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედი ის აგენტურა (ძირითადად, “მდიდარი ენჯეოები”), რომლებსაც ამ კანონისა და სხვა მიზეზების გამო გადაეკეტათ ან ძალიან გაურთულდათ  უცხოური დაფინანსების მიღება, ახალ ტაქტიკაზე გადადიან, მოსალოდნელ  მოცარიელებულ პოლიტიკურ ოპოზიციურ  ველზე შეხტომას ესწრაფვიან, რათა სხვებს დაასწრონ და ახლა უკვე პოლიტიკოსების სახელით განაგრძონ თავიანთი პატრონებისადმი მსახურება.

როგორც ჩანს, ენჯეოებისთვის უფრო გადაკეტილი აღმოჩნდა გარე დაფინანსების გზები და უცხოელების ძველი ბენეფიციარები ახლა პოლიტიკურ ველზე ეცდებიან ამ დაფინანსების ახალი არხების გაჭრას.

სწორედ ამ ენჯეოების წარმომადგენლებმა დააფუძნეს რამდენიმე დღის წინ “სოციალ-დემოკრატიული” პარტია, რითაც ცდილობენ ძველი სახელგატეხილი და მიუღებელი გარე აგენტურის ჩანაცვლებას ახალი სტატუსით.

თუ კარგად გავიაზრებთ, ეს შეიძლება დღევანდელ მოცემულობაზე უფრო სახიფათო იყოს. მაგალითად, ახლადგამომცხვარი სოციალდემოკრატი პოლიტიკოსები აქამდე არ წარმოადგენდნენ ისეთ საყოველთაო სიძულვილის ობიექტებს საზოგადოებაში, როგორსაც წარმოადგენენ 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის შემქმნელები და მათი ანსახლეტები.

რამდენიმე დღის წინ სოცდეკ პოლიტიკოსებად გადაქცეული ეს ექს-ენჯეოშნიკები აქამდე ცდილობდნენ ობიექტური ანალიტიკოსების, უფლებადამცველების ან რესპექტაბელური პოლიტოლოგების მანტია ჰქონოდათ მოსხმული, დღეს კი უკვე პრეტენზიას აცხადებენ, დაიკავონ იმ პოლიტიკურ ველზე საკუთარი ნიშა, რომელიც სავარაუდოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოცარიელდება.

რასაკვირველია, ყველას შეუძლია პოლიტიკური პარტიის შექმნაც და ნებისმიერი ფორმით საკუთარი პოლიტიკური ამბიციების წარდგენაც საზოგადოების წინაშე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, თუ ვის ემსახურებოდნენ მანამდე, საიდან მოდიან ეს ადამიანები, რამ განაპირობა მათი გაპოლიტიკოსება, რა ტვირთით და ვალდებულება შეიძლება მოყვებოდეს მათ შემოსვლას პოლიტიკაში, საიდან ფინანსდებოდნენ, რა მიზნებს ემსახურებოდნენ და რაც მთავარია, საიდან ელოდებიან მათი ახალი პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებას.

ეს მარტო ამ ახლადშექმნილ პარტიას არ ეხება, რადგან თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პოლიტიკური ველი მოსუფთავებდება, ახალი პოლიტიკური პარტიები სოკოებივით დაიწყებენ გაჩენას ამ ველზე და გაუქმებული პოლიტიკური პარტიების წევრების დიდი ნაწილიც სავარაუდოდ, გადანაწილდებიან ამ ახალ პარტიებში.

ცნობილია ისიც, რომ სოლიდური ფინანსების გარეშე ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ იქნება სერიოზული პერსპექტივისა და ძალის მქონე, ამიტომ ქართულმა ბიზნესმა უფრო მეტად უნდა იზრუნოს ახალი დემოკრატიული და პატრიოტული  პოლიტიკური ძალების დაფინანსებაზე, რათა ასეთ ძალებს ჰქონდეთ პერსპექტივა მომავლის პოლიტიკაში და არა იმათ, ვინც ისევ უცხოურ დაფინანსებაზე და მათ მსახურებაზე აკეთებს გათვლებს.

ამ ახალი გამოწვევების გათვალისწინებით დიდი სიფრთხილე და ზუსტი ნაბიჯებია საჭირო, რათა ხალხამდე იქნას მიტანილი სწორი ინფორმაცია და აგენტურამ შინ თუ გარეთ, ვერ მოახერხოს ამომრჩევლების ტვინების გამორეცხვა და შეცდომაში შეყვანა, ვერ მოახერხოს იმ მძიმე ტვირთისგან გათავისუფლება, რომელიც თვითოეულ მათგანს ჰქონდა აკიდებული არასამთავრობო ორგანიზაციებში თუ პოლიტიკურ პარტიებში მოღვაწეობის დროს“, – წერს კაკაბაძე.