თენგიზ შარმანაშვილი: „მოსამართლეებს შეუძლიათ, თავიანთი ინიციატივით გამოითხოვონ მასალები, თუ რაღაცის დაზუსტება დასჭირდებათ. შესაბამისად, არავის ვურჩევდი ტყუილი ნარატივების გავრცელებას, რადგან ამას თავისი შედეგები ექნება მოსამართლეების მხრიდან“
„მათი შეპასუხებიდან ჩვენ უკვე ვიცით მათი პოზიცია. მოსამართლეებსაც ჰქონდათ უამრავი კითხვა და, ამიტომ, რა თქმა უნდა, იმას აღარ გავიმეორებთ. არც არის ეს მიზანშეწონილი. ჩვენ გვინდა კონკრეტული საკითხების დაზუსტება, რომელიც მათ უარყვეს და, სინამდვილეში, ასე კი არა, ისე იყო. ამიტომ რაღაცებს დავაზუსტებინებთ.
ჩვენი მთავარი პოზიცია, რა თქმა უნდა, საბოლოო, შემაჯამებელ სიტყვაში იქნება. მაგრამ ყველა პარტიასთან გვექნება შესაბამისი შეკითხვები მათი პოზიციების დასაზუსტებლად“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე.
კითხვაზე – რას ელოდება მმართველი გუნდი მოპასუხე მხარისგან, შარმანაშვილმა განმარტა:
„როდესაც აშკარად არის მტკიცებულებები და შენ მას უარყოფ, ესეც პასუხია, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ მოსამართლეებისთვის. მთავარია, მათ ჩამოუყალიბდეთ შინაგანი რწმენა და ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენს სარჩელს აქვს საფუძველი. მათ უნდა დაარწმუნონ მოსამართლეები, რომ ამას საფუძველი არ აქვს. მოსამართლეებს შეუძლიათ, ეს ინფორმაცია გადაამოწმონ, იმიტომ, რომ ეს პროცესი ინკვიზიციურია; მათ შეუძლიათ, თავიანთი ინიციატივით გამოითხოვონ მასალები, თუ რაღაცის დაზუსტება დასჭირდებათ. არავის ვურჩევდი ტყუილი ნარატივების გავრცელებას, იმიტომ, რომ ამას ძალიან ხანმოკლე დრო ექნება, შეირცხვენენ კიდეც თავს და ამას თავისი შედეგებიც ექნება მოსამართლეების მხრიდან“, – განაცხადა შარმანაშვილმა.


