არჩილ გორდულაძე: “მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ლიდერები საჯარო მხარდაჭერას უცხადებდნენ ლაზარე გრიგორიადისს, რომლის ნასროლი „მოლოტოვის კოქტეილის“ შედეგად ორმა პოლიციელმა დამწვრობა მიიღო”
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე 2023 წლის 7-9 მარტის ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით შსს-ს ოფიციალური მონაცემები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების საჯარო განცხადებები წარადგინა, რომლითაც ისინი ძალადობრივ ქმედებებსა და მსჯავრდებულ ლაზარე გრიგორიადისს იცავდნენ.
„2023 წლის 10 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიფინგი გამართა. სამინისტრომ საზოგადოებას პარლამენტის შენობასთან 7-9 მარტს გამართულ საზოგადოებრივ აქციებზე პოლიციელების დაშავებისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა სამინისტროს 58 თანამშრომელი.
ბრიფინგის მომენტისთვის, მათგან 5 სამედიცინო დაწესებულებებში რჩებოდა. რამდენიმე თანამშრომელმა მძიმე დამწვრობა მიიღო. სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანდა პარლამენტის შენობა, შესასვლელი კარები, რკინის ცხაურები და დამცავი ჯებირები.
აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დაზიანებები მიაყენეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსს, დააზიანეს სახანძრო ავტომანქანა. დააზიანეს თბილისის მერიის კუთვნილი მატერიალური ქონება.
2023 წლის 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით, მოძალადე აქციის 6 წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. ყველა მათგანი დამნაშავედ იქნა ცნობილი 353-ე მუხლით (პოლიციელზე თავდასხმა მის საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლით (სხვისი ქონების განადგურება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. დამნაშავედ იქნა ცნობილი, მათ შორის, ლაზარე გრიგორიადისი, რომლის მიერ ნასროლი „მოლოტოვის კოქტეილის“ შედეგად ორმა პოლიციელმა დამწვრობა მიიღო.
2023 წლის 9 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება “ენმ-ის” აქციის ნომერ პირველ მოთხოვნად დაასახელა.
კერძოდ, მან აღნიშნა:
„ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ჩვენთვის ნომერ პირველი მოთხოვნა არის ლაზარეს თავისუფლება”.
2023 წლის 30 აპრილს, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ლაზარე გრიგორიადისის დასაპატიმრებლად არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მისი განცხადებით, ლაზარე უსამართლოდ ჰყავთ მძევლად აყვანილი.
2023 წლის 30 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას, გრიგორიადისის მხარდასაჭერად საჯაროდ განაცხადა: „ლაზარეს მინდა, მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, რაც გააკეთა“.
2023 წლის 1-ელ აპრილს, გრიგორიადისისა და ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად, ლევან ხაბეიშვილმა საჯაროდ განაცხადა:
„კოლექტიურმა ლაზარეებმა გადაარჩინეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, სადაც შავით თეთრზე წერია საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ”.
2023 წლის 9 მარტს, ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად, მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა: ამერიკელი სენატორები და ევროპარლამენტარები, უკრაინაში სანგარში მჯდომი მებრძოლები კი სუნთქვაშეკრული გადევნებენ თვალყურს და ძალიან სასიამოვნოდ განცვიფრებულები არიან.
2023 წლის 10 მარტს, ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად, მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა: როგორც ძველი რევოლუციონერი, შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ბრწყინვალედ უწევდნენ წინააღმდეგობას მათ წინააღმდეგ გამოყენებულ სასტიკ ძალას. მე ძალიან ვამაყობ ამ ახალი ქართველებით.
2024 წლის 12 აპრილს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გრიგორიადისის მხარდასაჭერად, მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა: „ჩემი სოლიდარობა ლაზარეს! რუსული რეჟიმი გაჩერდება იქ, სადაც მტკიცე პასუხი დახვდება!“
2024 წლის 12 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, საჯაროდ განაცხადა: „ლაზარე გრიგორიადისი არის პოლიტიკური პატიმარი“ და პრეზიდენტს მისი შეწყალებისკენ მოუწოდა.
ფარულავას გრიგორიადისის მიერ განხორციელებული ძალადობა არ დაუგმია.
2023 წლის 1-ელ აპრილს, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად, პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ საჯაროდ განაცხადა:
„ლაზარე დაიჭირეს იმის გამო, რომ იცავდა ამ ქვეყნის ევროპულ არჩევანს. თუ ჩვენ დღეს ყველა ერთად ვერ შევძლებთ, რომ ლაზარე დავიცვათ და იყოს გარეთ, ხელისუფლება ამას გააგრძელებს და მიადგება თითოეულ ბავშვს, რომელიც იყო აქციაზე. ყველაზე მთავარი, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ, არის ბრძოლა და ეს არის საპროტესტო აქციები”, – განაცხადა გორდულაძემ.


