არჩილ გორდულაძე: „ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა – მაშინ, როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარეს“
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერების: ნიკა გვარამიასა და ნიკანორ მელიას განცხადებები წარადგინა, რომლითაც ისინი 2024 წლის ძალადობრივი აქციების მონაწილეებსა და დაკავებულებს იცავდნენ.
„2024 წლის 27 ნოემბერს, ნიკა გვარამიამ, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საჯაროდ განაცხადა: „ათასობით ადამიანი ამ დღემდე იმყოფება გარეთ, აპროტესტებს და გვყავს პოლიტიკური პატიმრები: ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, ისაკო დევიძე, ანატოლი გიგაური. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ეს პატიმრები და, ასევე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამ წელზე მეტია, აბსურდული ბრალდებებით იმყოფება ციხეში; რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი“.
გვარამიას მიერ დასახელებული პირებიდან ეროვნულმა სასამართლომ ყველა დამნაშავედ ცნო. სამმა კი სრულად აღიარა დანაშაულის ჩადენა, კერძოდ: საბა მეფარიშვილმა, ომარ ოკრიბელაშვილმა და დავით კოლდარმა.
2024 წლის 17 აპრილს, ნიკანორ მელიამ განაცხადა: „ეს არის შენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის, ევროპული და ეროვნული იდეის განხორციელების შანსის შენარჩუნების ბრძოლა მშვიდობიანად. მშვიდობიანი მოძრაობა, რასაც თვალყურს ვადევნებთ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, გაგრძელდება“, – განაცხადა გორდულაძემ.


