თენგიზ შარმანაშვილი ანა ბუჩუკურის პასუხების შესახებ: „მათ ეგონათ, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია თუ არა, ეს იყო კენჭსაყრელი. გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა იმპიჩმენტის პროცედურის დასასრულებლად, იმას არ უყარეს კენჭი და თვითონვე თქვა, რომ მგონებოდა, სწორია სასამართლოს გადაწყვეტილება, მაშინ ხმას სხვანაირად მივცემდიო. ასეთ არაკომპეტენტურ ხალხთან გვაქვს საქმე“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისთვის დასმულ იმ კითხვაზე ისაუბრა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევას ეხებოდა.
შარმანაშვილმა ყურადღება გაამახვილა „გახარია-საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ამ სასამართლოს ნამსჯელი აქვს. ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია გამოიხატა მაშინ, როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დავუჭირეთ.“
„მე დავსვი კითხვა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია თუ არა. არავინ უპასუხა, რადგან არ უნდოდათ ეღიარებინათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ლეგიტიმური და კანონიერი. დავუკონკრეტე კიდეც, სასამართლომ ხომ ამავე დარბაზში დაადგინა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუცია არის დარღვეული. იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე არ მივიდა, მაგრამ ის პოლიტიკური პროცედურაა. რაც შეეხება საკითხს, სამართლებრივად დადგენილია თუ არა სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა – ეს დადგენილია. არცერთმა უპასუხა, რომ “დიახ, ჩვენ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და დადგენილად მიგვაჩნია ეს ფაქტი”. არავინ უპასუხა, უფრო მეტიც – გახარიას პარტიამ უპასუხა, – ჩვენ ლეგიტიმური რომ გვგონებოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ხმას წინააღმდეგ ხომ არ მივცემდითო. ე.ი., მათ ეგონათ, დაარღვია თუ არა კონსტიტუცია, ეს იყო კენჭსაყრელი. კენჭსაყრელი ეგ კი არ იყო, ეს დადგენილი იყო. ამაშიც ვერ ერკვევიან. ეს გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა იმპიჩმენტის პროცედურის დასასრულებლად, იმას არ უყარეს კენჭი და აქ მხარემ თვითონვე თქვა, ამ ქალბატონმა [ანა ბუჩუკურმა], – რომ მგონებოდა, სწორია საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მაშინ ხმას სხვანაირად მივცემდიო. ასეთ არაკომპეტენტურ ხალხთან გვაქვს საქმე და ძნელია ასეთ ხალხთან ურთიერთობა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.


