პოლიტიკა

კახა კალაძე: „დაზარალებულ ოჯახებში, ფაქტობრივად ყველაფერი განადგურებულია. ყველა ოჯახის ზარალს კომპანია GWP აანაზღაურებს — როგორც სარემონტო სამუშაოების, ისე ავეჯის შეძენის ხარჯებს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, ოჯახები დროებითი საცხოვრებლით უზრუნველვყოთ“

თბილისის მერი კახა კალაძე გამრეკელის ქუჩაზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მისი განმარტებით, გამთენიისას მომხდარი ავარიის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები, ბინები, სარდაფები და კერძო ავტომობილები დაზიანდა, თუმცა ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს ამოტუმბვის სამუშაოები.

„დაზარალებულ ოჯახებში ვიყავი. ფაქტობრივად, ყველაფერი განადგურებულია. თუკი რაიმე გააჩნდათ ადამიანებს, არის გაუბედურებული. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან. ყველა ხარჯს საკუთარ თავზე აიღებს კომპანია GWP. თუ იქნება იმის აუცილებლობა, რომ კონკრეტული ოჯახები გავიყვანოთ, დროებით საცხოვრებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოვახდინოთ, ამაზეც გვაქვს სრული მზადყოფნა. ყველა ოჯახის ზარალი ანაზღაურდება, ეს შეეხება სარემონტო სამუშაოებს თუ ავეჯის შეძენას.

რაც შეეხება მიწის ქვემოთ არსებულ კომუნიკაციას, ცხადია, ეს მხოლოდ GWP-ს არ ეხება. არის სხვა საკომუნიკაციო ქსელებიც, რომელიც არის ამორტიზებული, წარმოადგენს პრობლემას და შემთხვევით არ არის ის, რომ (ყოველ შემთხვევაში, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ) 2017 წლიდან, რაც თბილისის მოსახლეობამ აგვირჩია და მხარი დაგვიჭირა, იქიდან მოყოლებული, როდესაც ჩვენ ვატარებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ზუსტად ეს არის არსებული ქსელის განახლება, მოწესრიგება, რათა შეიქმნას ისეთი კომუნიკაციები, რომ ათეულ წლებს გაუძლოს. რა თქმა უნდა, თბილისი უძველესი ქალაქია, არის პრობლემა მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები. ხშირად, როდესაც ვაწარმოებთ გარკვეულ სამუშაოებს, რეაბილიტაციას და პირველი კომუნიკაციები კეთდება, ეს გარკვეულ უკმაყოფილებასაც იწვევს საზოგადოებაში, დისკომფორტიც ახლავს ამას, მაგრამ სხვანაირად ამ სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. არ უნდა ვიყოთ ზედაპირულები. როდესაც შევდივართ კონკრეტული გამზირების ან ქუჩების რეაბილიტაციით, რა თქმა უნდა, ყველა პროექტში მოგვყვება კომპანია GWP და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მიქაუტაძე, GWP-ის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი და GWP-ის ტექნიკური და საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი გიგა ნადირაძე იმყოფებოდნენ.