თორნიკე ჭეიშვილი: “2004-2012 წლებში ჩადენილი დანაშაულებისთვის პროკურატურის მიერ ერთობლივად მხილებულ იქნა 558 საჯარო მოხელე. სტრასბურგის სასამართლოს მიერ ყველაზე ხშირად დადგენილია სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, საქმის სამართლიანი განხილვისა და საკუთრების დაცვის შესახებ უფლების დარღვევა”
“კითხვა ზოგადი პათოსისა და ზოგადი ხასიათის მატარებელია, შესაბამისად, ოთხივე წარმოდგენილ სუბიექტს მიემართება. კითხვა ეხება ზოგადი უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფას, რაც ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ჩვენი (და არა მარტო ჩვენი) შეფასებით, მიმდინარე საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ფარგლებში”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ განხილვა მიმდინარეობს.
„1999 წლიდან დღემდე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, საერთო ჯამში, დარღვევა დადგენილია 284 საჩივარზე, რომელთაგან, დაახლოებით, 80 პროცენტი ეხება 2004-2012 წლებში მომხდარ ფაქტებს. კერძოდ, დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების არსებითი დარღვევა: მე-2 მუხლი – სიცოცხლის უფლება, მე-3 მუხლი – წამების აკრძალვა, მე-5 მუხლი – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მე-6 მუხლი – საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, მე-7 მუხლი – არავითარი სასჯელი კანონის გარეშე, მე-8 მუხლი – პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; მე-9 მუხლი – აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება, მე-10 მუხლი – გამოხატვის თავისუფლება, მე-11 მუხლი – შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, მე-13 მუხლი – სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება, მე-14 მუხლი – დისკრიმინაციის აკრძალვა, დამატებითი ოქმის პირველი მუხლი – საკუთრების დაცვა, დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი – თავისუფალი არჩევნების უფლება და მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი – გასაჩივრების უფლება სისხლის სამართლის საქმეებში.
აღნიშნულ საქმეთა ფარგლებში ყველაზე ხშირად დადგენილია ევროპული კონვენციის მეორე მუხლის – სიცოცხლის უფლება, მესამე მუხლის – წამების აკრძალვა, მეხუთე მუხლის – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მეექვსე მუხლის – საქმის სამართლიანი განხილვის უფლება და, ასევე, დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევა, ეს არის, ისევ და ისევ, საკუთრების დაცვის შესახებ რეგულირება.
ზემოხსენებული 227 საქმის ფარგლებში, რომლებზეც, როგორც უკვე აღინიშნა, ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლის დარღვევა იქნა დადგენილი, 2004-2012 წლებში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, 2025 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, სახელმწიფოს მომჩივნების სასარგებლოდ დაეკისრა, ჯამში, დაახლოებით, 2 მილიონი ევროს გადახდა, როგორც მატერიალური და მორალური ზიანის კომპენსაციის, ისე ხარჯების ანაზღაურების მიზნით.
2025 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, 2004-2012 წლებში ჩადენილი დანაშაულებისთვის საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა დანაყოფების მიერ ერთობლივად მხილებულ იქნა 558 საჯარო მოხელე. 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სასჯელაღსრულების სისტემისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 217 თანამშრომლის მიმართ. ამათგან 91 პირი იყო სასჯელაღსრულების სისტემის, ხოლო 126 პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.
სისხლისსამართლებრივი დევნის მუხლობრივი მაჩვენებელი შემდეგია: სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლი – წამება, აქ 50 პირის მიმართ არის შესაბამისი პასუხისმგებლობა; სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლი, – ეს არის დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა – 68 პირის მიმართ; სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება – 108 პირის მიმართ; სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – 12 პირის მიმართ”, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.


