თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2012 წელს განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა, თუ როგორ ცდილობდა წინა ხელისუფლება ორგანიზატორების პასუხისმგებლობისგან არიდებას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარეს კითხვით მიმართა, რომელიც ძირითადი უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფას ეხებოდა – კერძოდ, იყო თუ არა სისტემური და სისტემატური 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებათა დარღვევა, მათ შორის, სიცოცხლის, ღირსების, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა.
კითხვის დასმისას, ჭეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მომხდარი საქმეები გაიხსენა, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე.
ჭეიშვილი განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მიზანია, გამოჩნდეს, ვის რა პასუხისმგებლობა დაეკისრა და ვინ რომელი მუხლით არის გასამართლებული.
„2012 წლის 26 ნოემბერს განახლებული გამოძიების ფარგლებში 9 პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. გამოვლინდა როგორც სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის გატაცების ორგანიზება, ისე დანაშაულის დაფარვა, გამოძიების გაყალბება და მსჯავრდებულთათვის უკანონო შეღავათების შექმნა.
დადგინდა, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის, დათა ახალაიას დავალებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე გაიტაცეს, ოქროყანის სასაფლაოზე გადაიყვანეს და სასტიკად სცემეს. შემდგომ გამოძიება ისე წარმართეს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს დაკისრებოდა, ხოლო ორგანიზატორები და სხვა მონაწილეები პასუხისმგებლობას ასცდენოდნენ და, დუმილის სანაცვლოდ, შესაბამის მსჯავრდებულ პირებს, თითოეულს 100-100 ათასი ამერიკული დოლარი გადასცეს და პრივილეგირებულ პატიმრობას – ვადამდე გათავისუფლებას დაჰპირდნენ“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.


