ნიკოლოზ მეტრეველი: „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია“
„გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით გამოვთქვი იმედი, რომ გამოცდილ დიპლომატებს შორის მოლაპარაკებები საქმიან და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართებოდა“, – წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
როგორც მეტრეველი აღნიშნავს, შეხვედრის შედეგების შესახებ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადაიდგა. მისივე თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ მხარეებმა გარკვეულ პრაქტიკულ შეთანხმებებსაც მიაღწიეს.
მისივე შეფასებით, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დიპლომატიას მუშაობის შესაძლებლობა მიეცეს და პროცესები არა ემოციებით, არამედ საღი აზრითა და გრძელვადიანი ინტერესებით შეფასდეს.
„გუშინ, გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას, გამოვთქვი იმედი, რომ გამოცდილ დიპლომატებს შორის მოლაპარაკებები საქმიან და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართებოდა.
მინსკში გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით უკვე გადაიდგა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ მხარეები მხოლოდ დღის წესრიგის განხილვით არ შემოიფარგლნენ და, ოფიციალური ცნობის თანახმად, გარკვეულ პრაქტიკულ შეთანხმებებსაც მიაღწიეს. რა თქმა უნდა, ურთიერთობების შემდგომი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება უახლოეს მომავალში გაეცნოს ამ შეთანხმებების კონკრეტულ შინაარსს.
ქართულ-რუსული ურთიერთობების მთელი სირთულისა და მრავალწახნაგოვნების გათვალისწინებით, ნაადრევი იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ ერთი შეხვედრა ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს მოაგვარებს. თუმცა სწორედ აქედან გამომდინარე არის აუცილებელი პირდაპირი კომუნიკაციის არხების შენარჩუნება და შინაარსიანი დიალოგის წარმოება.
მივესალმები ორივე მხარის მზაობას, არსებული უთანხმოებების მიუხედავად, გააგრძელონ კონტაქტები და გამოავლინონ პოლიტიკური ნება, პრობლემები დიპლომატიური გზებით გადაჭრან.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დიპლომატიას მუშაობის შესაძლებლობა მივცეთ და ვიხელმძღვანელოთ არა წუთიერი ემოციებით, არამედ საღი აზრით, ურთიერთპატივისცემითა და გრძელვადიანი ინტერესებით.“ – წერს მეტრეველი.


