მაკა ბოჭორიშვილი: „ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი უმრავლესობის მხრიდან არის გამოკვეთილი პოზიცია საქართველოსთან დიალოგის საჭიროების თაობაზე – როდესაც ვხედავთ, ბრიუსელის მხრიდან რამდენად სრულდება თუ არ სრულდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაკვეთა, ესეც ბევრზე მეტყველებს“
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი უმრავლესობის მხრიდან არის გამოკვეთილი პოზიცია საქართველოსთან დიალოგის საჭიროების თაობაზე. ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით კოლეგებს, მინისტრებს არამხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ვიცით, რა პოზიციები არის ამა თუ იმ დედაქალაქში საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევის ფაქტი შეაფასა.
მისივე თქმით, საქართველოს შეხვედრებზე მიწვევის საკითხი ევროკავშირის მხრიდან გარკვეული სპეკულაციებისთვის სივრცის შესაქმენლად გამოიყენება. ბოჭორიშვილის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მათთვის მიუღებელია.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები არ არის სპეკულაციების საკითხი და საგანი და ის საკითხები, რომლებიც დგას დღის წესრიგში და პარტნიორებს შორის უნდა იდგეს, უნდა იყოს სერიოზულად განხილული და ნამდვილად არასერიოზულია, როდესაც შეხვედრაზე, ერთი მხრივ, ვითომ ხდება დაპატიჟება თუ მოწვევა ქვეყნის და მეორე მხრივ, მოწვევა ხდება იმგვარად, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღონ იმ ადამიანებმა, ან იმ დონეზე არ იყოს შეხვედრაში მონაწილეობა, რა დონეზედაც შეხვედრა იმართება.
ერთი მხრივ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რატომ ხდება ასე – საერთოდ რატომ ხდება მოსაწვევის გამოგზავნა ამ შემთხვევაში, თუკი მათ არ სურთ საქართველოს მონაწილეობა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი უმრავლესობის მხრიდან არის გამოკვეთილი პოზიცია საქართველოსთან დიალოგის საჭიროების თაობაზე. ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით კოლეგებს, მინისტრებს არამხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ვიცით, რა პოზიციები არის ამა თუ იმ დედაქალაქში საქართველოსთან მიმართებით და საქართველოს ჩართულობასთან დაკავშირებით – საქართველოს მნიშვნელობაზე და ზოგადად, დიალოგის საჭიროებაზე. როდესაც ვხედავთ, ბრიუსელის მხრიდან რამდენად სრულდება თუ არ სრულდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაკვეთა, ესეც ბევრზე მეტყველებს, თუ რამდენად მოქმედებს ხშირ შემთხვევაში ბრიუსელის ბიუროკრატია თავად ევროკავშირის ინტერესებში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.


