სამართალი

თენგიზ შარმანაშვილი: “სიახლე ოპონენტების ქცევაში არაფერი იყო და არც ველოდებოდით, რომ პასუხს სერიოზულად გასცემდნენ, რადგან მათ არანაირი სინანულის გრძნობა არ აქვთ. შეცდომების დონეზეც კი არ აღიარებენ, არათუ დანაშაულს არ აღიარებენ”

„ჩვენს კითხვებზე არავითარი დამაჯერებელი პასუხი მათ არ გაუციათ და არც შეიძლებოდა ჰქონოდათ. შეუძლებელია, ის დანაშაულები გაამართლო, ან შეალამაზო, რაც ბრალად არის მათთვის შერაცხული და რაც მიმართულია მათი არაკონსტიტუციურად ცნობისაკენ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.

“ამიტომ, ისინი ყოველთვის ცდილობდნენ, მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაეტანათ ყურადღება, ან არასრულად და შემოვლითი გზებით ეპასუხათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით და, ალბათ, საზოგადოებამაც კარგად დაინახა, რომ მათ სათქმელი არაფერი არ აქვთ როგორც სასამართლოსთვის, ისე საზოგადოებისთვის. ასე რომ, არაფერი სიახლე მათ ქცევაში არ იყო და არც ველოდებოდით, რომ ისინი პასუხს სერიოზულად გასცემდნენ. თუნდაც ერთი რამის გამო არ ველოდით, რომ მათ არანაირი სინანულის გრძნობა არ აქვთ. ამას ყველა ხედავს.

შეცდომების დონეზეც კი არ აღიარებენ, არათუ დანაშაულს არ აღიარებენ. როცა ასეთი განწყობით არიან ადამიანები, რა თქმა უნდა, მათ პასუხებს არავითარი აზრი არა აქვს. ისინი გულწრფელები ვერ იქნებიან“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამ ყველაფრის ფონზე, მოპასუხე მხარის კითხვები რამდენად დამაჯერებელი იქნება, შარმანაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე გვერდის ავლასა და ცრუ ნარატივების შემოტანას ცდილობენ. მანვე ისაუბრა 1633 რეზოლუციის საკამათო პუნქტებზე და თქვა, რომ სწორედ ამ მძიმე საკითხებზე ხმის მიცემამ მოახდინა იმ რეზოლუციის დადებითი ნაწილის აბსოლუტური ნიველირება.

„თქვენ კარგად დაინახეთ, რომ ცდილობენ, ძირითად ნაწილს, რაშიც ბრალი ედებათ, გვერდი აუარონ, ან რაღაც ცრუ ნარატივები შემოიტანონ. იგივე ხდება იმ ცნობილ რეზოლუციაზე. ჰყვებიან რაღაც სხვა მუხლებზე, სხვა პუნქტებზე, რომელიც ორჯერ ორი ოთხია და ეს ისედაც საყოველთაოდ ცნობილი იყო, და ამ რეზოლუციით არა, მაგრამ სხვადასხვა რეზოლუციით, შემდგომში სასამართლო გადაწყვეტილებებითაც კი დადასტურდა. ის უმძიმესი პუნქტები, რომლითაც ბრალი დასდეს ჩვენს სამხედროებს, რომ მათ გადადგეს ისეთი ნაბიჯები, რომლითაც საფრთხე შეუქმნეს მშვიდობიან მოსახლეობას. მერე უკვე გამოთქვეს ეჭვი, რომ შეიძლება სამხედრო დანაშაულიც კი ჰქონდათ ჩადენილი და ამაზე სპეციალური გამოძიება უნდა დაწყებულიყო. ასევე, კასეტური ბომბების გამოყენების თითქმის აღიარება. იმდენად მძიმე რაღაცებზე მოუწიათ ხმის მიცემა, რომ, თუნდაც, რეზოლუციის იმ დადებითი ნაწილის აბსოლუტური ნიველირება მოახდინა. ამის აღიარებაც კი არ უნდათ, რომ შეეშალათ, – უკეთესადაც შეიძლებოდა, მეტად უნდა დავფიქრებულიყავით – ამის სურვილიც კი არ აქვთ. ეს იმის მანიშნებელია, რომ ამ ხალხს თუ ოდესმე კვლავ მიეცემა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, ისინი ამას უფრო ცუდი ფორმებით გაიმეორებენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.