საზოგადოება

კახა კალაძე ფონიჭალაში დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლების შესახებ: “28 ოჯახი, დროებით, სასტუმროშია გადაყვანილი. შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რათა არანაირი პრობლემა არ შეექმნათ. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტას, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება”

“საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. რაც შეეხება დაშავებულებს, ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მინდა, მათ მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო”, – განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

„როგორც გუშინ მოგახსენეთ, 28 ოჯახი – 143 ადამიანი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნათ. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტას, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება.

ასევე, თუ იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებენ ცხოვრებას, ექნებათ სურვილი, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზად არის, იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის წარმომადგენლებს, ზოგადად მედიკოსებს, ყველას მადლობა გადავუხადო. მინდა, მადლობა გადავუხადო სახანძრო-სამაშველო ჯგუფს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, ვინც ამ მძიმე დღეებში ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ადამიანების სიცოცხლე შენარჩუნებულიყო”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: 19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.