არჩილ გორდულაძე: “ფრაზა “ბრძოლა ბოლომდე” შეიძლება პოზიტიურიც კი იყოს, მაგრამ როდესაც ამ სიტყვებს წანამძღვრად აქვს, რომ 4 ოქტომბერი ცხადდება მშვიდობიანი დამხობის დღედ, ეს უკვე ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების დამხობის მხარდაჭერაა”
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მოწოდებები „ბრძოლა ბოლომდე“ და „მშვიდობიანი დამხობა“ იმ კონტექსტში, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდებოდა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით დამხობის მხარდაჭერას წარმოადგენს.
„ასეთი ფრაზა – „ბრძოლა ბოლომდე“, შეიძლება, პოზიტიურიც კი იყოს. მაგალითად, ჩვენი ნაკრები როდესაც თამაშობს, რა თქმა უნდა, ყველა ვამბობთ: “ბრძოლა ბოლომდე”; რომ უნდა ვუგულშემატკივროთ და უნდა გავიმარჯვოთ. სამშობლოსა და სპორტის მოყვარული ყველა ადამიანი ასე უნდა აკეთებდეს.
მაგრამ როდესაც ამ სიტყვებს წანამძღვრად აქვს, რომ 4 ოქტომბერი ცხადდება მშვიდობიანი დამხობის დღედ, “მოემზადე, საქართველო, ბრძოლა ბოლომდე”, ეს უკვე დამხობის აქციის და ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების დამხობის მხარდაჭერაა, ცალსახად გამოხატული.
მათ შორის, როდესაც ამბობენ, რომ, მაგალითად, „ოლიგარქია უნდა დაემხოს“ (ასეთი ფრაზა იყო, ნათქვამი), მოდი, აბა, ისიც ვნახოთ, მანამდე რა აქვს ნათქვამი და მთელი ფრაზა რას მოიცავდა – რომ რევოლუცია უნდა მოხდეს. როდის ამბობდა, მაგასაც მნიშვნელობა აქვს 4 ოქტომბრის დამხობისთვის, მშვიდობიანს რომ უწოდებდნენ ისინი. აი, ამ ყველაფრისთვის მთელი სამზადისი, კამპანია რომ ჰქონდათ, ზუსტად ამ დროს ნიკა გვარამია ამბობს, რომ “რევოლუცია მოდის”, რომ “არჩევნებში მისვლა – ეს არის ღალატი და უნდა დაემხოს”.
კონკრეტული ფრაზებიდან ამოგლეჯილ მცირე ციტატებს კი არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს მთლიანად გაკეთებულ განცხადებას, როდის კეთდება და რას მიემართება. როდესაც ამბობენ, რომ, მაგალითად, ძალადობრივი აქტები არ არსებობდა, რა თქმა უნდა, მათი გადმოსახედიდან, რაც არ არსებობდა, იმის მხარდაჭერაც ვერ მოხდებოდა, მაგრამ ერთი არის მათი შეფასება, მეორე არის ფაქტები, რომელსაც ჩვენ მათ ვუყენებთ, როგორც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და ამ ქმედებების მხარდაჭერას“, – განაცხადა გორდულაძემ.


