ევროკომისია ყულევის ქარხნის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების ინიციატივით გამოდის
“ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ქარხნის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს. ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში მდებარე ქარხანამ, რუსული ნავთობის ნაცვლად, ლიბიური ნავთობის შესყიდვა დაიწყო”, – იუწყება „The Kyiv Independent-ი“ ბრიუსელის კორესპონდენტზე, კრის პაუერსზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ყულევის ქარხანამ, ევროკავშირის სანქციების დაწესების საფრთხის შემდეგ, ნავთობის მომწოდებელი შეცვალა და რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი ლიბიურით ჩაანაცვლა. ამ გარემოებამ ევროკომისიას მისცა საფუძველი, წევრი სახელმწიფოებისთვის ტერმინალის სანქცირებული ობიექტების სიიდან ამოღება შეეთავაზებინა.
მნიშვნელოვანია, რომ საუბარია ევროკომისიის რეკომენდაციაზე და არა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა სჭირდება.
ევროკომისიის წინადადება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის ნაწილია, რომელიც რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციას, ასევე, სანქციების გვერდის ავლის მექანიზმების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის სექტემბერში შპს “ბლექ სი პეტროლიუმმა”, რომელიც ყულევის ქარხანას მართავს, განაცხადა, რომ ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო – ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება.


