პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: „თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იყოს გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი. სწორედ დემოკრატიის პრინციპთან და კონსტიტუციურ წყობილებასთან მოდის აშკარა კონფლიქტში ის განცხადებები, ქმედებები და, რაც მთავარია, მიზნები, რაც დაფიქსირდა“

“კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ გვქონდა საუბარი, მათ შორის, მანდატზე დესტრუქციული უარის ინსტიტუტის შესახებ, რომელიც, ასევე, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტია და ვფიქრობ, ძალიან ვრცლად ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ეს არ არის აბსოლუტური პრივილეგია პარლამენტის წევრისთვის, მით უმეტეს, როდესაც ამას აქვს ორგანიზებული ხასიათი – ანუ, ერთობლივად ხდება როგორც მანდატებზე უარის თქმა, ისე შესაბამისი საარჩევნო სიების ჩახსნა უფლებამონაცვლეობის გამოსარიცხად და ა.შ.“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა პარტია “ახლის” წარმომადგენლის, თენგო თევზაძის კითხვის პასუხად, რომელიც დაინტერესდა სხვა ქვეყნების მაგალითით, მომხდარა თუ არა პარტიის აკრძალვა არჩევნების შედეგების ან ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარების გამო.

„ეს განმარტებები ჩვენ სასამართლოსთვის მიცემული გვაქვს, სწორედაც რომ შუაშია და ამიტომ, კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით ამ თემას და განვმარტავთ, რომ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, მათ შორის, გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იყოს გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი ხალხისაგან, ზოგადად, ეს იქნება პარლამენტის უსაფუძვლოდ არალეგიტიმურად გამოცხადება, არჩევნების იდეის დისკრედიტაცია თუ ა.შ. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ სწორედ დემოკრატიის პრინციპთან და, შესაბამისად, კონსტიტუციურ წყობილებასთან მოდის აშკარა კონფლიქტში ის განცხადებები, ქმედებები და, რაც მთავარია, მიზნები, რაც დაფიქსირდა“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.