პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: „დღეს ვისაუბრეთ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებზე. საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის უკვე ათწლეულებია არსებობს სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონისთვის“

„დღეს ვისაუბრეთ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებზე. საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის უკვე ათწლეულებია არსებობს სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონისთვის“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს სამმხრივ შეხვედრას საქართველოს, თურქეთს და აზერბაიჯანს შორის.

„წელს გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით სამმხრივ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრები ქალაქ სტამბოლში, მომავალ წელს ჩემთვის იქნება დიდი პატივი გიმასპინძლოთ საქართველოში ორივე ქვეყნის მინისტრს და გავაგრძელოთ ჩვენი დისკუსიები რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე.

დღეს ასევე ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციაზე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებზე. საქართველოს პოზიცია იყო და არის ის, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ხელი შევუწყოთ რეგიონში სტაბილურობას და უსაფრთხოებას. მივესალმებით იმ პროგრესს, რომელიც შეიმჩნევა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობების ნორმალიზება და თანამშრომლობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცებას და ჩვენი რეგიონის პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ გამოყენებას.

ჩვენ ვისაუბრეთ ტრიპის ინიციატივის მნიშვნელობაზეც, რომელსაც აქვს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების თვალსაზრისით საკმაოდ დიდი მნიშვნელობა. თვალს ვადევნებთ ამ მიმართულებით მუშაობას და მიგვაჩნია, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონის გაძლიერებას დაკავშირებადობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ის ურთიერთობები, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს არის მნიშვნელოვანი წვლილი რეგიონულ კონტექსტში თანამშრომლობის განვითარებისთვის.