პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ახალი წევრი ქვეყნებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი მექანიზმის შემოღების ინიციატივაზე: „მარტა კოსის თუ კაია კალასის ეს ინიციატივა რომ კარგი არ არის კანდიდატი ქვეყნებისთვის და ზოგადად ევროკავშირისთვის, ფაქტია. დღეს ეს ევრობიუროკრატები იმ ღირებულებებისგან არაფერს ტოვებენ, რომლებზეც თავის დროზე ევროკავშირი შეიქმნა. თან უტიფრად აცხადებენ, რომ ეს ევროკავშირისთვის არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებებია“

„მარტა კოსის თუ კაია კალასის ეს ინიციატივა რომ კარგი არ არის კანდიდატი ქვეყნებისთვის და ზოგადად ევროკავშირისთვის, ფაქტია. დღეს ეს ევრობიუროკრატები იმ ღირებულებებისგან არაფერს ტოვებენ, რომლებზეც თავის დროზე ევროკავშირი შეიქმნა. თან უტიფრად აცხადებენ, რომ ეს ევროკავშირისთვის არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებებია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა ევროკავშირში ახალი წევრი ქვეყნებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი მექანიზმის შემოღების ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

„რა არის ეს გამოსაცდელი ვადა? ის, რომ შეიძლება კონკრეტული სახელმწიფოს, ქვეყნის შესახებ მიიღონ გადაწყვეტილება ისე, რომ მას არაფერი ჰკითხონ. თუკი ის თავის პრინციპულობას გამოიჩენს, რაღაც თემაზე გადაწყვეტილება არ მოეწონება და საკუთარ აზრს გამოთქვამს, მისი პოზიცია შეფასდება, როგორც იმ გზაზე სიარული, რაც ანტიევროპულ, ანუ ევროკავშირში დადგენილი წესების საწინააღმდეგო მიმართულებით სვლას გულისხმობს. ამან კი შეიძლება ძალიან არსებითად იმოქმედოს იმ გამოსაცდელ ვადაზე და ამ ათწლიან ვადაში ევრობიუროკრატიამ ამ კონკრეტული ქვეყნების მიმართ გადაწყვეტილებები შეცვალოს.

მონტენეგროს მაგალითი ავიღოთ: ჯერ სასამართლოს ვეტინგის შინაარსი რა დამთრგუნველი და შეურაცხმყოფელია ნებისმიერი სუვერენული ქვეყნისთვის ზოგადად, და სასამართლო ვეტინგის ზემოდან კიდევ არჩეული პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მთავრობის პირველი პირების ვეტინგი. ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე? ანუ ხალხმა აირჩია, დემოკრატიამ გაიმარჯვა, მიიღო გადაწყვეტილება და ახლა ევროკავშირიდან და ევრობიუროკრატიიდან ნაკარნახევი ბატონებითა და ქალბატონებით უნდა შემოწმდეს, არის თუ არა კონკრეტული პიროვნება კეთილსინდისიერი. ვინ ეკითხება ევრობიუროკრატიას მონტენეგროს საზოგადოების არჩევნებზე ზემოდან კიდევ მონიტორინგის წარმოებას?! ხომ წარმოუდგენელია.

ჩვენ ისიც ძალიან კარგად გვახსოვს, ფრანგები აქეთ თითს რომ გვიქნევდნენ, დემოკრატიას გვიწუნებდნენ და ჭკუას გვასწავლიდნენ. ახლა, როცა ეს ყველაფერი მათ ეხებათ, ეს უკვე მათთან დანაშაულია, ხოლო აქ თურმე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იყო. აი, ეს ორმაგი სტანდარტია, რაც არის ძალიან მძიმე სენი, მძიმე მოცემულობა, რომელიც ჩიხში აქცევს მთლიანად ევროკავშირის არსს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.