გურამ მაჭარაშვილი: “ევროპარლამენტმა საკუთარი რეპუტაცია იმდენად დააზიანა, რომ მის რეზოლუციებს აღარავინ აქცევს ყურადღებას, მათ შორის, არც ევროკომისია და არც ის ქვეყნები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც ეს რეზოლუციები მიიღება”
„ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტების გამო, დღეს აღარავის აინტერესებს, რას ჩაწერს ევროპარლამენტი თავის მორიგ რეზოლუციაში“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დაგეგმილი მორიგი რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით.
„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპარლამენტმა საკუთარი რეპუტაცია იმდენად დააზიანა, რომ მის რეზოლუციებს აღარავინ აქცევს ყურადღებას, მათ შორის, არც ევროკომისია და არც ის ქვეყნები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც ეს რეზოლუციები მიიღება.
საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული ყველა რეზოლუცია ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული იყო. სწორედ ამიტომ, ევროპარლამენტმა თავისი სანდოობა პრაქტიკულად გაანადგურა, ახლა კი მორიგი რეზოლუციის „გამოცხობას“ აპირებს.
მაშინ, როცა ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტები, მსოფლიო და აზიის განვითარების ბანკები თუ სავალუტო ფონდი ყოველკვირეულად აქვეყნებენ კვლევებს, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, ევროპარლამენტი საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობს. ეს ცნობილ ქართულ ფილმ „მონანიებაში“ ნათქვამ ფრაზას მაგონებს: „მაინც ამოვთხრი!“
ისინი გვერდზე დებენ ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს, კუბილიუსისა და კალასის ჩვენებებზე დაყრდნობით იღებენ რეზოლუციებს და წერენ, თითქოს, ქვეყანაში დემოკრატია შავ დღეშია.
ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტების გამო, დღეს აღარავის აინტერესებს, რას ჩაწერს ევროპარლამენტი თავის მორიგ რეზოლუციაში”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


