ილია ინჯია საქართველოს საგარეო კურსზე: „ამდენი საუკუნეა ასეთი პატარა ქვეყანა ამხელა იმპერიებს შორის დღემდე მოვედით ჩვენი ხედვითა და პრეტენზიებით და გვინდა, დიდ იმპერიებთან ურთიერთობა ისე დავალაგოთ, რომ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს გათვალისწინებული“
„ამდენი საუკუნეა ასეთი პატარა ქვეყანა ამხელა იმპერიებს შორის დღემდე მოვედით ჩვენი ხედვითა და პრეტენზიებით და გვინდა, დიდ იმპერიებთან ურთიერთობა ისე დავალაგოთ, რომ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს გათვალისწინებული“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ილია ინჯიამ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე საუბრისას განაცხადა.
„მოთხოვნები ყოველთვის იქნება და ყოველთვის მოგვიწევს ურთიერთობების დეტალების გავლა ნებისმიერ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან, რომელიც იმ მომენტში იქნება აქტუალური, თუმცა შეიძლება რაღაც პერიოდი ერთი პარტნიორი იყოს ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ხვალ კი აბსოლუტურად სხვა ხედვა დაგვჭირდეს.
იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ეს ხალხი არ არსებობს, ჩვენ მარტო უნდა ვიყოთ და რასაც ვიტყვით, ყველა ისე უნდა მოგვერგოს, რადგან გვყავს მეზობლები – მით უმეტეს ასეთი დიდი, განსხვავებული ტრადიციებისა და რელიგიის მქონე მეზობლები. მაგრამ რადგან დღემდე ასე მოვედით, ესე იგი ეს შეგვიძლია.
ჩვენ ამაში ისტორიულად და გენეტიკურად ვართ გამოწრთობილები. ამდენი საუკუნეა ასეთი პატარა ქვეყანა ამხელა იმპერიებს შორის დღემდე მოვედით, ჩვენი ხედვა და ჩვენი პრეტენზიები გვაქვს და გვინდა, ისე დავალაგოთ ამ დიდ იმპერიებთან ურთიერთობა, რომ პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდიოდეთ“, – განაცხადა ილია ინჯიამ.


