შალვა პაპუაშვილი: „ზურაბ ადეიშვილი ქართული სახელმწიფოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი. მას, ადრე თუ გვიან, ქართული მართლმსაჯულების ხელი მისწვდება და ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი, ციხეში აღმოჩნდება“

90

,,როგორც იცით, გუშინ, სასამართლოს მიერ, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით, როინ შავაძის საქმეზე კიდევ ორ პირთან დაკავშირებით გამოტანილი იყო განაჩენი. შეგახსენებთ, რომ როინ შავაძის მკვლელობის გამოუძიებლობა ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა და მთელი პროცედურული დარღვევები დაადგინა და ხელახალი გამოძიება დაგვაკისრა. ზუსტად ზურაბ ადეიშვილის პროკურორობის დროს იყო, როცა ეს საქმე ჩაიფარცხა, ქართველი ჯარისკაცი მოკლეს და შემდეგ ეს საქმე ისე ჩაფარცხეს, რომ არავინ დასაჯეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„ზუსტად ზურაბ ადეიშვილია ამ სისტემის შემოქმედი. დღეს განსაკუთრებით გვახსენდება ის რეჟიმი, რომელიც მისი ხელმძღვანელობით იყო ჩამოყალიბებული. რა თქმა უნდა, მიუღებელია ის, რომ იმ კაბინეტებში დამნაშავეებს ხვდებოდნენ და ხელს ართმევდნენ, სადაც ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, მართლმსაჯულებაზე. რა თქმა უნდა, ეს მათი პასუხისმგებლობაა, რომ იცოდნენ, ვის ხვდებიან და რა თემებზე ხვდებიან. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინია, რომ თუკი ვინმემ აქამდე არ იცოდა, ვინ არის ზურაბ ადეიშვილი, უკვე ეცოდინებათ, ვინც არის და, მინიმუმ, ასეთ შეხვედრებზე აღარასდროს ვიხილავთ. ჩვენი მოლოდინია, ზურაბ ადეიშვილი საქართველოს გადმოეცეს. მთავარმა პროკურატურამ განმეორებით მიმართა გერმანიასა და ბელგიას. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდება: თუკი ზურაბ ადეიშვილი იმ ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ აღმოჩნდება, ის დაპატიმრებული იყოს და საქართველოს გადმოეცეს.

რაც შეეხება წითელ ცირკულარს, იცით, რომ დავით კეზერაშვილიც ამოღებულია ცირკულარიდან. ეს სამწუხარო ფაქტებია, რაც გარკვეულ გავლენებს აჩვენებს, რის გამოც ასეთი ადამიანები ასეთ კაბინეტებში ხვდებიან.

ზურაბ ადეიშვილი ქართული სახელმწიფოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი. მას, ადრე თუ გვიან, ქართული მართლმსაჯულების ხელი მისწვდება და ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი, ციხეში აღმოჩნდება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.