მამუკა მდინარაძე: „რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რაც დიდი ხანია, არ მომხდარა, არის ისტორიული გადაწყვეტილება. იგი დადებითად აისახება თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით, იმ ადამიანების ჯიბეზე, რომლებსაც კრედიტები აქვთ”

82

„რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რაც დიდი ხანია, არ მომხდარა, არის საეტაპო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც დადებითად აისახება თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით, იმ ადამიანების ჯიბეზე, რომლებსაც კრედიტები აქვთ“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით.

“ქვეყნის ბევრი მოქალაქე ამ შეღავათს თავის ჯიბეზე იგრძნობს. ეს შეიძლება არ იყოს რაღაც ძალიან დიდი ცვლილება, მაგრამ კარგი ამბავია ის, რომ ადამიანებს მოაკლდებათ სესხის საპროცენტო განაკვეთი, რაც მათ ჯიბეზე, ბუნებრივია, პოზიტიურად აისახება. ეს ძალიან დიდი ხანია, არ მომხდარა და მივესალმები ეროვნული ბანკის ამ ძალიან კარგ გადაწყვეტილებას.

ძალიან კარგია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს დღეს აქვს საშუალება, რეფინანსირების განაკვეთი შეამციროს და ამით საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთი დახმარება გაუწიოს ფინანსური სფეროს მიმართულებით”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 13 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად სებ-მა ქვეყანაში არსებული დაბალინფლაციური გარემო და ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის შენარჩუნება დაასახელა.