„ნაცმოძრაობას აქვს ე.წ. ჭერი, თავისი რეიტინგის 20%. 20%-ს ქვემოთ არიან, შესაბამისად, მისგან [„ნაციონალური მოძრაობისგან“] გამიჯვნის პიარ სტრატეგია მიზნად ისახავს იმას, რომ მეორე 20%-ზე იმუშაონ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
„უკვე იციან, რომ 60% არის „ქართული ოცნების“ ელექტორატი. ჩვენი არეალი, დაახლოებით, 60%-ში არის და არ გამოვრიცხავ, რომ 60%-ზე ზევითაც წავიდეთ, იმიტომ, რომ ის 20%, ე.წ. შუაში მყოფი, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი საით წავა, კაცმა არ იცის და დიდი შანსია, რომ „ქართულ ოცნებას“ ბევრმა მათგანმა დაუჭიროს მხარი. ამ 20%-ზე მუშაობისათვის ისინი ცდილობენ, „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნონ, რომ იმ 17-18%-დან გამოძვრნენ. ამიტომ არის, საოცარი მცდელობის მომსწრეები რომ ვართ, – რომ მელია, გვარამია, ხაზარაძე და „ნაცებთან“ მოღალატე გახარიაც კი ცდილობს, გაემიჯნოს.
საკრებულოებში „ნაცებთან“ კოალიციაში მყოფი გახარიაც კი ამას ცდილობს, – რომ იმ შუა 20%-ზე იმუშაოს. და რატომ არ აქვთ იქ შანსი, იცით? წარმოუდგენელია, „ნაცებთან“ მოღალატე, ყოფილმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა და, თუნდაც, ლიდერმა მოახერხოს ხალხის იმდაგვარად მოტყუება, რომ ისინი „ნაცებს“ არ წარმოადგენენ, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილმაც. ყველაზე რადიკალური „ნაცების“ სიას რომ შეუერთდა პატრიარქზე თავდასხმით, ეს ხალხი ცდილობს იმგვარად მოტყუებას, რომ თითქოს, ამ ხალხს დავიწყებული აქვს, რას აკეთებდნენ ისინი წარსულში. რატომ ვერ მოატყუებენ, იცით? წარმოუდგენელია მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა. მათ აქვთ საერთო წარსული, საერთო აწმყო და საერთო მომავალი. არც დავუშვებთ და ვერანაირი პიარი, ვერანაირი ტელევიზია ამის დაშვების შესაძლებლობას არ მისცემს მათ, და როდესაც ლაპარაკობენ კოალიციაზე, „ნაცმოძრაობის“ კოალიციაზე ლაპარაკობენ. როგორც კი კოალიციას ახსენებენ, საუბარია “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, რაც წარმოუდგენელი ამბავია და საქართველო ამ ბნელი წარსულის დაბრუნებას, ბუნებრივია, არ დაუშვებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


