“პოლიტიკაში არის ასეთი ტერმინი – სასარგებლო იდიოტები. ასე იმ ხალხს უწოდებენ, ვის პოზიციებს, გამონათქვამებს თუ ქმედებებს მათივე მოწინააღმდეგეები ისე ეფექტიანად იყენებენ, რომ ეს იდიოტები აზრზეც ვერ მოდიან და პირიქით ჰგონიათ, – რომ თავიანთი ქმედებებით თვითონვე იწერენ ქულებს და არა მოწინააღმდეგეები“, – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
„დღეს თითქმის მთელი ქართული ოპოზიცია სასარგებლო იდიოტების მდგომარეობაშია. „ნაცები“ ხომ მთავარი საფრთხობელები არიან, მაგრამ არანაკლებ სასაცილოები არიან ის ყოფილი „ნაცები“, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუ საზოგადოებას ახალ ამპლუაში წარუდგებიან, ხალხს მათი შავბნელი წარსული დაავიწყდება და დაიჯერებს, რომ ასე, შეიძლება, სავლეები მასობრივად განიწმინდონ და პავლეებად გადაიქცნენ. ეს მაშინ, როდესაც არც ერთი მათგანი არ აღიარებს, რომ სააკაშვილის მმართველობა სისხლიანი 9 წელი იყო და არა „აღმშენებლობის, დემოკრატიისა და ქვეყნის გაბრწყინების“ წლები.
„ნაცების“ იდეოლოგი და გენპროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია, მისი ჯიბის ბნელი კუნჭულიდან ამომხტარი ექსმოსამართლე მაია კოპალეიშვილი, მიშას დროინდელი აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფი ნიკა მელია და სხვები თავს იტყუებენ, რომ თუ საზოგადოების წინაშე საკუთარ თავს „ახლებად“ წარადგენენ, ხალხი იმდენად უვიცია, რომ მათ მართლაც ახალ ან „განწმენდილ“ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევს.
ძარცვის გზით პატიმრებისთვის ციხეებში ფულისა და ქონების წართმევის “გამპრავებელი” ბიზნესმენები – ხაზარაძე-ჯაფარიძე და მათი „ლელო“, რომელიც, მართალია, როგორც პოლიტიკური პარტია, ახლად შექმნილია, მაგრამ ისეთი მრავალფეროვანი, მრავალპარტიაგამოცვლილი ლიდერებით არის წარმოდგენილი, რომ პოლიტიკური აჯაფსანდალი გეგონებათ; ჯერ რესპუბლიკელი, მერე „შენების“ პარტიის და ბოლოს, „ოცნების“ ლიდერი უსუფაშვილი; აგრესიულობით ცნობილი, „ნაცების“ ყოფილი ლიდერი სამადაშვილი; ყოფილი „ახალი მემარჯვენეები“ – მამუკა კაციტაძე და ფიქრია ჩიხრაძე; ვითომ „ნეიტრალური“ ყოფილი უფლებადამცველი ანა ნაცვლიშვილი, ყოვლისმცოდნე „самоуверенный дурак-ი“ გრიგოლ გეგელია და სხვები ასევე გვიმტკიცებენ, რომ ისინი არიან ქვეყნის გადამრჩენელი და „რუსული რეჟიმის“ დამმარცხებლები, რის შემდეგაც უმუშევრობასაც მოსპობენ, სიღარიბესაც, პენსიებსაც ათასობით ლარს დაარიგებენ და დემოკრატიასაც დაამყარებენ.
მათგან არც ისე დაშორებულები არიან ერთ დროს „ოცნების“ წყალობით პოლიტიკურ ფიგურებად ქცეული გიორგი გახარია, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და სხვები, რომლებიც ხალხს უმტკიცებენ, რომ „ოცნებაში“ ყოფნისას თავიანთი დიადი იდეების განხორციელებაში ცუდი თანაპარტიელები უშლიდნენ ხელს, თორემ ახლა, მათგან განცალკევებულად თუ აგვირჩევთ, ციდან ვარსკვლავებს ჩამოვწყვეტთ და გაგაბედნიერებთო.
მოკლედ, იმის გამო, რომ ეს პოლიტიკოსები ათას ტყუილს ჰპირდებიან ხალხს, ვერ აცნობიერებენ, რომ საზოგადოება მათ ტყუილებს ვერ დაიჯერებს, რადგან სიმართლე საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი და ამიტომ, ასეთი „დაპირებებით“ მხოლოდ აფრთხობენ და აშინებენ ხალხს, რომელიც ფიქრობს, – ის ცხრაწლიანი კოშმარი არ დაბრუნდეს და, თუნდაც, მარადიულად იყოს „ოცნება“ ხელისუფლებაშიო. ამიტომაა, რომ „ოცნებას“, ყველა კვლევით, დანარჩენი პარტიების ჯამურ პროცენტზე მაღალი მხარდაჭერის პროცენტი აქვს. ამიტომაც არის, რომ სანამ ეს ჭაობი პოლიტიკურ პენსიაზე არ გავა, მანამდე ხელისუფლება მათ ყოველთვის წარმატებით გამოიყენებს სასარგებლო იდიოტებად“, – აღნიშნავს კაკაბაძე.


